რა ხდებოდა საკონცერტო დარბაზში იმ დროს, როცა შეიარაღებული პირები ისროდნენ – ვრცელდება მძიმე კადრები მოსკოვიდან.
საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.
ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.
როგორც „ბიბისი“ ამერიკულ „სიბიესზე“ დაყრდნობით იუწყება, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სურდა რუსეთზე დარტყმის მიყენება. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კონკრეტული ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობების მიუხედავად.
მანამდე, სხვადასხვა მედიამ სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
მასალის გამოყენების პირობები