აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი კვანძი, შესაბამისად, მარშალ გელოვანის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლები აუცილებლად გაჩნდება. ეს არის რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.
დისკომფორტი იქნება ყველასთვის, რადგან იქ საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იქნება. ურთულესი მონაკვეთია, მთელი ქალაქის წყალმომარაგება, გაზი მოდის ამ მაგისტრალიდან. შესაბამისად, რთული პროექტია, თუმცა, ამ გამოწვევასაც ისე გავუმკლავდებით, როგორც აქამდე სხვებს.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის დაიწყება გელოვანის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანზე სამუშაოები, ამაზე საუბარი ახლა გამიჭირდება, რადგან ჯერ საუკეთესო სცენარების დამუშავება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ის შემიძლია გითხრათ გადაჭრით, რომ ამ ტერიტორიის/ქუჩების გამტარუნარიანობა გაიზრდება,“- განაცხადა წილოსანმა.
მან დიდი დიღმის მიმართულებით მეტროს დამატებითი ხაზის მოწყობაზეც ისაუბრა. როგორც ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, პროცესზე მუშაობა იწყება, რომლის ფარგლებშიც, ჯერ შესაბამისი ტერიტორიის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოხდება, შემდეგ კი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მგზავრთნაკადზე იქნება დამოკიდებული. წყარო
მასალის გამოყენების პირობები