ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი სოციალურ ქსელში სიყვარულის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მასთან ხშირად მიდიან ადამიანები, რომლებიც ჩივიან, რომ პარტნიორს აღარ უყვარს.
ნანული ლალიაშვილი თქმით, ის ცდილობს, მათ დაეხმაროს.
„ერთადერთი ძალა, რომელსაც ადამიანის უკეთესობისკენ გარდაქმნა შეუძლია, სიყვარულია. ჩემო ძვირფასო, საყვარელო ადამიანებო!
14 თებერვალს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა სიყვარულის დღეს აღნიშნავს. ეს დღე მესამე საუკუნის მოწამეს, წმინდა ვალენტინის სახელს უკავშირდება, რომელიც რომის იმპერიაში ქრისტიანებს ჯვარს წერდა. პირველად 14 თებერვალი თითქმის 200 წლის წინ აღნიშნეს ინგლისში, საიდანაც გავრცელდა მთელ მსოფლიოში. სიყვარულს რად უნდა სპეციალური დღეები, ყველა დღე სიყვარულისთვისაა, თუმცა სიმბოლურად სიყვარულის დღის არსებობაც ხომ თავისთავად ბევრს ნიშნავს!
ამ დიდ გრძნობაზე იმდენი თქმულა თუ დაწერილა, მე რა უნდა ვთქვა ახალი, მაგრამ მე, ადამიანს, რომელმაც ათეული წლები ძვირფასი მეუღლის დიდი სიყვარულით ვიცხოვრე, რომელიც ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც ისევე მიყვარს, როგორც მის სიცოცხლეში, ამ გრძნობის მიმართ ჩემი შეფასება მაქვს, ვფიქრობ, რომ ერთდაერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანის გარდაქმნა უკეთესობისკენ, ეს სიყვარულია და ადამიანს, ვისაც დიდი სიყვარული არ განუცდია, თითქოს არც უცხოვრია…
დღე არ გავა, ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სიყვარულის ისტორიები არ მოვისმინო, ზოგჯერ ეს ისტორიები ლამაზი და ამაღლებულია, ზოგჯერ ტკივილით სავსე. დიდ სიყვარულს სამწუხაროდ ტკივილიც ხშირად ახლავს. ჩემთვის ეს ისტორიები ზოგჯერ ისეთი ემოციურია, მათი დავიწყება იოლი არ არის, ყველა ასეთი ისტორიის მიღმა ხომ ადამიანების ცხოვრება დგას.
ძალიან მაწუხებს, რომ ჩვენთან ბოლო პერიოდში სიყვარულის დეფიციტია. არ ვიცი ეს ყოფითი, მძიმე ცხოვრების გამო, თუ რატომ, მაგრამ ყველა სიყვარულს ეძებს – ქალიც და მამაკაციც, ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, მდიდარიც და ღარიბიც.. მე არ ვარ სოციოლოგი და ფსიქოლოგი, ამ პრობლემის არსზე ვისაუბრო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. ადამიანები იტანჯებიან მარტოობისგან, თითქოს ყველაფერი აქვთ ბედნიერებისთვის, სამსახურიც, ფინანსებიც, კარგი წრეც, მაგრამ არ აქვთ მთავარი – დიდი და გულწრფელი სიყვარული. ადამიანი, რაც არ უნდა მაღალ საფეხურზე იდგეს, უსიყვარულოდ ცარიელ სამყაროში ცხოვრობს. მოდიან ჩემთან ქალები, მამაკაცები და ჩივიან, რომ აღარ უყვარს პატნიორს, მეუღლეს, რაც ძალიან გახშირდა. თუ ეს ჩემს შესაძლებლობებშია, ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო ადამიანებს, რომელთაც ეს პრობლემები აქვთ, რადგან გიყვარდეს და უყვარდე, არის მთავარი, რასაც ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს. ბედნიერი, სიყვარულით სავსე ადამიანის ცხოვრებაში კი არ არის ადგილი ბოროტების, სიავის, აგრესიისთვის, რაც დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი სენია.
არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მიზეზთა გამო დიდი სიყვარულიც სრულდება. ძალიან ხშირად ასეთი ისტორიები მესამე, მეოთხე, ზოგჯერ “გულშემატკივარი” ადამიანების “დამსახურებაა”. რაც ძალიან ცუდია. მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც სიყვარულმა ტკივილი დაუტოვა – არასდროს ჩავარდეთ დეპრესიაში – ტკივილი, დროსთან ერთად გაივლის. მოვა სხვა სიყვარულიც, შესაძლოა უფრო ძლიერი და ისე მოულოდნელად შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში, ვერც კი წარმოიდგენთ. არ იყუროთ უკან. დატოვეთ თქვენი სიყვარული წარსულში, იყავით მზად ახალი გრძნობისთვის. როდესაც თქვენს ცხოვრებაში მთავრდება დიდი გრძნობა, არ დაკარგოთ იმედი. ეძიეთ სიყვარული, გაუხსენით მას კარი და აუცილებლად მოვა!
გისურვებთ ჭეშმარიტ, დიდ სიყვარულს- სიყვარულს, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ!
უფალი იყოს ჩვენი მფარველი!“, – წერს ნანული ლალიაშვილი.