სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა გური იმნაძემ დაუდასტურა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალაში დაეტოვებინა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენება, საკმარისი გარემოება არ ჰქონდა.
მისი თქმით, შემდეგ სტრატეგიაზე გადაწყვეტილებას დაცვის მხარე, ბრალდებულებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს.
„ჯერ არ გვინახავს ოფიციალურად გადაწყვეტილება და შესაბამისად, დასაბუთება და არგუმენტაცია არ ვიცით ამ გადაწყვეტილების, თუმცა ჩვენი შეფასებით, ცალსახად არ იყო საკმარისი გარემოებები, პირიქით, უფრო საპირისპირო არაერთი გარემოება იყო, მათ შორის, ბრალდებულების მხრიდან ქმედების აღიარება და ასევე, მზაობა ზიანის ანაზღაურებაზე. ამის გათვალისწინებით, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ და სამწუხაროა, რომ სასამართლომ ისევ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
ჯერ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია ბრალდებულებთან და მაგის მიხედვით გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს სტრატეგია და შემდეგი ნაბიჯები“,- განაცხადა გური იმნაძემ.
ცნობისთვის, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები