50 წელს ქვემოთ ასაკში კიბოს შემთხვევები 30 წელში 79%-ით გაიზარდა — ახალი გლობალური კვლევა
გასული სამი ათწლეულის განმავლობაში 50 წელს ქვემოთ პირებში კიბოს დიაგნოზის მაჩვენებელი 79,1 პროცენტით გაიზარდა, რასაც თან სდევს ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობის 27,7-პროცენტიანი ზრდა. ეს მონაცემები ახალი მასშტაბური მოხსენებიდან მომდინარეობს, რომელშიც გამოყენებულია დაავადებათა გლობალური ტვირთის 2019 წლის კვლევის შედეგები.
კვლევის თანახმად, 14-დან 49 წლამდე ასაკის პირებში კიბოს შემთხვევათა რაოდენობა 1990 წელს 1,82 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს — 3,26 მილიონს. გამოკვლევა მოიცავს 204 ქვეყანაში 29 ტიპის კიბოს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას და ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ წარმოდგენებს ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში კიბოს სტრუქტურის შესახებ. კვლევა ჩატარდა ჩინეთის ძეძიანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ.
პროგნოზი 2030 წლამდე
მკვლევართა შეფასებით, 2030 წლისთვის ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევები მსოფლიოში კიდევ 31 პროცენტით გაიზრდება, რაც სიკვდილიანობის 21-პროცენტიან ზრდას გამოიწვევს. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან 40-დან 49 წლამდე ასაკის პირები.
ყველაზე გავრცელებული და სწრაფად მზარდი ტიპები
2019 წელს 40–49 წლის ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძუძუს კიბოს ჰქონდა. 1990 წლიდან მოყოლებული ყველაზე სწრაფ ზრდას აჩვენებს სასუნთქი მილის (ტრაქეის) და პროსტატის კიბო. ამის საპირისპიროდ, შესამჩნევად შემცირდა ადრეულ ასაკში ღვიძლის კიბოს მაჩვენებელი.
ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მეცნიერი სტივენ დაფი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში არ მონაწილეობდა, ზოგიერთი ტენდენციის შესაძლო ახსნას გვთავაზობს:
„ღვიძლის კიბოს შემთხვევაში შემთხვევათა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით, რომლის წინააღმდეგ დღეს უკვე არსებობს ეფექტიანი ვაქცინა. რაც შეეხება ნაზოფარინგეალურ კიბოს, მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.”
რისკფაქტორები და პრევენცია
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური მიდრეკილება გარკვეულ კიბოებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მკვლევრები ხაზს უსვამენ მრავალ შეცვლად რისკფაქტორს. კვლევის ავტორთა განცხადებით:
„კვებითი რისკფაქტორები — კერძოდ, რაციონში წითელი ხორცის სიჭარბე, ხილის, რძის და ბოჭკოს სიმცირე, ნატრიუმის ჭარბი მოხმარება — ასევე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება ადრეულ ასაკში კიბოს განვითარების მთავარ რისკფაქტორებს წარმოადგენს.”
მონაცემები ასევე მიუთითებს სხვა მნიშვნელოვან რისკფაქტორებზე: ფიზიკური უმოქმედობა, ჰაერის დაბინძურება, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და სისხლში გლუკოზის მაღალი დონე.
მკვლევრები ხაზს უსვამენ ადრეული დიაგნოსტიკისა და მიზანმიმართული მკურნალობის გადამწყვეტ მნიშვნელობას, ასევე მოუწოდებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ახალგაზრდებში პრევენციული ცხოვრების წესის — ჯანსაღი კვების, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვისა და რეგულარული ფიზიკური აქტივობის — პოპულარიზაციისკენ.
კვლევის მნიშვნელობა
წინამდებარე კვლევამდეც არსებობდა მტკიცებულებები 50 წელს ქვემოთ პირებში კიბოს შემთხვევათა ზრდის შესახებ, თუმცა წინა კვლევების უმეტესობა ფოკუსირებული იყო რეგიონულ განსხვავებებზე და არ იძლეოდა სრულ გლობალურ სურათს. ამასთან, არასაკმარისად იყო შესწავლილი ის ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში კიბოს გავრცელებასთან.
ბელფასტის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევართა შეფასებით: „ამ კვლევის განსაკუთრებული ღირებულება მდგომარეობს მონაცემების გლობალურ მოცულობაში. კვლევაში წარმოჩენილია რეგიონებს შორის არსებული განსხვავებები, რაც მიუთითებს სხვადასხვა პოპულაციებში სპეციფიკური რისკფაქტორების დადგენის აუცილებლობაზე.”
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). 50 წელს ქვემოთ კიბოს შემთხვევები ბოლო 30 წელიწადში 80%-ით გაიზარდა – კვლევა. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/50-tsels-qvemoth-kibos-shemthkhvevebi-bolo-30-tselitsadshi-80-ith-gaizarda-kvleva/

