წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველადაც ითვლება და ეს მას შემდეგ რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა.
წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
ლოცვა რომელიც ამ დღეს იკითხება:
“კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”
კონდაკი:
მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.