ვერძი
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის 2025 წელი განვითარების, ახალი შესაძლებლობებისა და სერიოზული ტრანსფორმაციის წელი იქნება, მით უფრო, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თავის გამოჩენისა და ლიდერობის მოპოვების სურვილზე, ვერც მომავალ წელს იტყვიან უარს.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, მარტოხელა ვერძებს საინტერესო ნაცნობობა გელით, მაგრამ მაინც არ ღირს საქორწინო სამზადისის წამოწყება, რადგან ახლად შეძენილი პარტნიორი სწრაფად გაგიცრუებთ იმედს. სერიოზული ცვლილებები ზაფხულში დაიწყება, როცა რეალური შანსი მოგეცემათ გაიცნოთ ის, ვინც ცხოვრებას თუ ვერ გაგილამაზებთ, ყოველ დილას მაინც არ მოგიშლით ნერვებს. მკაცრი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ დაწყვილებულ ვერძებს, როცა პლანეტები მათი ურთიერთობის სიმტკიცესა და ერთგულებას გამოცდიან. არაა გამორიცხული, ისევ ძველ კონფლიქტს დაუბრუნდეთ და ისე გაბრაზდეთ, რომ ჯერ პარტნიორის მიხრჩობა მოგინდეთ, მერე სამუდამოდ მისგან წასვლა. ვისაც ხანმოკლე მშვიდობის შენარჩუნება უნდა, დროებითი ზავის გამოცხადება შეუძლია, მათ კი, ვისაც სიმშვიდისა და ხანგრძლივი სტაბილურობის მოპოვება სურს, პარტნიორთან გულწრფელად საუბარი, უთანხმოების გარკვევა და სერიოზული ომის გადატანა მოუწევს.
კარიერა და ფინანსები – მართალია, ფინანსური პრობლემები მომავალ წელს ნაკლებად შეაწუხებენ ვერძებს, მაგრამ მაინც არ ღირს საფულის მუდმივად გახსნილი ტარება, უმჯობესია ისწავლოთ ფულის თვლა და მოერიდოთ ყოველკვირეულ შოპინგს უსარგებლო ხარახურის სახლში მიზიდვით. სასიამოვნო სიურპრიზი გელით შემოდგომაზე, როცა წლის დასაწყისში გამოჩენილი აქტიურობა დაგიფასდებათ და სარფიანი პროექტების ან სამსახურში დაწინაურების წყალობით გაზრდით შემოსავალს, თუმცა არ ღირს საეჭვო გარიგებებსა და ავანტიურულ წამოწყებებში თავის გაყოფა, რათა მილიონებზე ოცნება საბოლოოდ კრახით არ დასრულდეს.
კურო
კონსერვატორი კუროსთვის, რომელსაც ძალიან უყვარს სტაბილურობა, თუმცა, არ უყვარს სიახლეები და ცვლილებებსაც მძიმედ ეგუება, მომავალი წელი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით იქნება დატვირთული, რაც მისი სურვილის მიუხედავად მაინც გააქტიურებას, განვითარებასა და განახლებას აიძულებს.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, მომავალი წელი ნამდვილ ჰოლივუდურ მელოდრამას დაემსგავსება “ბედნიერი დასასრულით”, მაგრამ მანამდე წყენაც ბევრი გექნებათ და სიხარულიც. მარტოხელა კუროები საბოლოოდ მაინც აღიარებენ, რომ სწორედ სასიყვარულო განცდები აკლდათ მთელ ცხოვრებაში და თავით გადაეშვებიან რომანტიკულ თავგადასავლებში, თუმცა საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ნაკლებად გაიზიარებენ მათ მონდომებას, ამიტომ უმჯობესია, მოძებნოთ ის ერთადერთი, ვინც არა მხოლოდ კომფორტს შეგიქმნით, არამედ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობაშიც დაგეხმარებათ. შეუღლებულ კუროებს სირთულეების დაძლევა მოგიწევთ, რაც საბოლოოდ ურთიერთობის საუკეთესო გამოცდად იქცევა, რადგან თუ ბინის რემონტსაც გაუძელით და მოგზაურობიდანაც ერთად დაბრუნდით, მაშინ ყველაფერს გაუძლებთ.
კარიერა და ფინანსები – მართალია, თქვენი “სუპერძალა” შემოსავლის იქ პოვნაა, სადაც სხვა სიცარიელეს ხედავს, მაგრამ მომავალი წლის პირველ ნახევარში მაინც მოგიწევთ დაზოგვა. რა თქმა უნდა, ფულის ფლანგვაში ვერავინ შეგედრებათ, მაგრამ დროა ეკონომია და წვრილმან სიამოვნებებზე უარის თქმა ისწავლოთ. ბევრად სასიკეთო იქნება წლის მეორე ნახევარი, როცა წარმატებული ინვესტიციებით შეძლებთ ბიუჯეტის შევსებას. წარმატება გელით სამსახურშიც, მეტიც, ისე გაანათებთ და აბრჭყვიალდებით, რომ ბევრი ვერ გაუძლებს თქვენს თვალისმომჭრელ კაშკაშს.
ტყუპები
სიახლეები და ცვლილებები ელით ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებსაც, რადგან 2025 წელი მათთვისაც ახალი შესაძლებლობებისა და შთაბეჭდილებების წელი იქნება. მართალია, იანვრის თვეში უამრავი სირთულის დაძლევა და გაორმაგებული მუშაობა მოუწევთ, მაგრამ წლის ბოლოს მიხვდებიან, რომ თავდაუზოგავმა შრომამ სასურველი შედეგი გამოიღო.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – მოემზადეთ თავბრუდამხვევი ატრაქციონისთვის! მარტოხელა ტყუპებს ახალი შეხვედრები, ფლირტი და რომანები ელით. მართალია, ახლად შეძენილი ნაცნობები ნაკლებად გაამართლებენ, მაგრამ სწორედ იმედგაცრუება გაიძულებთ დაფიქრდეთ, რას ეძებთ სინამდვილეში. სავარაუდოდ, თავგადასავლები გაზაფხულზე ან შემოდგომაზე დაიწყება, თუმცა არ ღირს ზედმეტად დრამატიზირება და ყოველი ახალი ნაცნობობისთვის “საბედისწეროს” იარლიყის მიკერება, უმჯობესია გრძნობები მოთოკოთ და ზოგჯერ მაინც იხელმძღვანელებთ გონებით, შეუღლებულმა ტყუპებმა კი, რომლებიც მუდმივად პროვოცირებენ მეუღლეებს კონფლიქტებზე, მშვიდად, ემოციების გარეშე უნდა გაარკვიონ ურთიერთობა, რადგან ყველა წვრილმანზე ისტერიკის მოწყობა და ყვირილით თავისუფლების მოთხოვნა, საბოლოოდ თქვენგან გათავისუფლებით დასრულდება.
კარიერა და ფინანსები – სასიყვარულო ატრაქციონის შემდეგ, ახლა ფინანსურ რბოლაში მოგიწევთ ჩაბმა, რომელიც შესაძლოა სტარტზე დამუხრუჭდეს, მაგრამ ფინიში მართლაც ღირსეული იქნება. წლის დასაწყისში ჯერ შემოსავლის გადახედვა მოგიწევთ, მერე ხარჯების, რათა მიხვდეთ, რომ ყოველი ნერვული აშლილობის დროს ახალი შენაძენით თავის დამშვიდებით მხოლოდ ბიუჯეტს აზარალებთ. გაზაფხულზე სარფიან პროექტებში ჩაბმის შესაძლებლობა მოგეცემათ, თუ რა თქმა უნდა, ამოსუნთქვის გარეშე ლაპარაკისა და ნებისმიერისთვის თავბრუდახვევის თანდაყოლილ ნიჭს გამოიყენებთ. წარმატება გელით პროფესიულ სფეროშიც, თუმცა არ ღირს ზედმეტად თავის გამოჩენა და საკუთარი ენთუზიაზმით კოლეგების დაფრთხობა.
კირჩხიბი
სხვების მსგავსად 2025 წელი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვისაც ცვლილებების წელი იქნება. მართალია, წლის დასაწყისში ორიენტაციადაკარგულს მოვლენებში გარკვევა და სხარტად მოქმედება გაუჭირდება, მაგრამ გაზაფხულზე გამოფხიზლდება და ერთიანად აინაზღაურებს დაკარგულ დროს.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – სასიამოვნო სიურპრიზი ელით მარტოხელა კირჩხიბებს, მთავარია, მყუდრო ბინიდან გარეთ გახვიდეთ და სანამ ახალი ნაცნობობის ძიებას დაიწყებთ, მანამდე ძველ კოლეგებს გადაავლოთ თვალი, რადგან სწორედ მათ შორისაა ის “ერთადერთი და განუმეორებელი”, ვისაც ასე დიდხანს ეძებდით. ნუ მოგერიდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმა, დარწმუნებული იყავით, რომ ინიციატივაც დაგიფასდებათ და საპასუხო ნაბიჯიც მრავლად იქნება. დაწყვილებული კირჩხიბებისთვის მომავალი წელი პარტნიორთან დაახლოების, მისი უკეთ გაცნობის წელი იქნება და მნიშვნელობა არ აქვს, რომ დიდი ხანია იცნობთ, რადგან სინამდვილეში, წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად ძვირფასი “განძის” მფლობელი ბრძანდებით.
კარიერა და ფინანსები – მართალია, წლის დასაწყისში ისეთ წვრილმან სიამოვნებებზე მოგიწევთ უარის თქმა, როგორიც ყოველ დილას მეზობელ კაფეში არომატული ყავისა და ახლად გამომცხვარი ფუნთუშების მირთმევაა, რადგან ამგვარი ფუფუნება, ნამდვილად არ უწყობს ხელს კრედიტების დაფარვას, მაგრამ გაზაფხულზე თქვენც გექნებათ ამოსუნთქვის საშუალება. მეტიც, შესაძლოა ისე გამოიდოთ თავი მუშაობით, რომ ანაზღაურების მომატებასთან ერთად დაწინაურებაც მიიღოთ, რაც წლის ბოლოს სანატრელი ავტომობილის ან სხვა მსხვილი შენაძენის გაკეთების საშუალებას მოგცემთ.
ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის პირველი ნახევარი იქნება განსაკუთრებით იღბლიანი, როცა გავლენის სფეროების გაფართოებასაც შეძლებთ და ავტორიტეტის განმტკიცებასაც, რაც ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – ქარიზმატული ლომი, რომელიც ყოველთვის მაგნიტივით იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, არც მომავალ წელს მოასვენებს თაყვანისმცემლებს. მართალია, მარტოხელა ლომებს საკუთარი ცხოვრების რომანტიკულ დრამად ქცევის და მთავარი როლის შესრულების სურვილი ექნებათ, მაგრამ ზედმეტად თავის გამოდებაც არ ივარგებს, რათა საბოლოოდ ფარსის კომედიაში არ აღმოჩნდეთ ერთადერთ მსახიობად. ბევრად მშვიდი და ნაკლებად ემოციური იქნება მომავალი წელი დაწყვილებული ლომებისთვის, თუმცა ურთიერთობაში წამყვანი პოზიციის მოპოვების ცდუნებას მაინც ვერ გაუძლებენ, რაც პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა თქვენს გვერდით ცხოვრებას შეჩვეულს, თქვენს “მონოპოლისტობასთან” შეგუებაც მოუწევს.
კარიერა და ფინანსები – აქტიური მოქმედება მოგიწევთ საქმიან სფეროშიც, მით უფრო, რომ წლის მეორე ნახევარში საინტერესო პროექტებში მონაწილეობისა და დაწინაურების შანსი გექნებათ. რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ეპარება, რომ ყველა შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებთ, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარი შედეგებით ზედმეტად თავის მოწონება, რადგან კონკურენტებისგან ვერც ოვაციებს მიიღებთ, ვერც აპლოდისმენტებს ეღირსებით.
ქალწული
როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში ცვლილებები ელით ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება გაზაფხული და შემოდგომა, რომელიც სერიოზულ გარდატეხას შეიტანს მათ ცხოვრებაში.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – მარტოხელა ქალწულებისთვის მომავალი წელი ერთის მხრივ, იმედგაცრუების, მეორეს მხრივ, ჭკუის სწავლების წელი იქნება, რადგან უამრავ უსიამოვნებას გადაეყრება იდეალური პარტნიორის ძიებაში, ბოლოს კი, მიხვდება, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ბევრად გაიმარტივებთ ცხოვრებას თუ მოთხოვნების გრძელ ნუსხას შეამოკლებთ, მით უფრო, რომ არც თქვენ ბრძანდებით იდეალური. მართალია, წლის პირველ ნახევარს ძიებაში გაატარებთ, მაგრამ ზაფხულში სწორედ იმ ადამიანს შეხვდებით, ვინც რადიკალურად შეცვლის თქვენს წარმოდგენას სიყვარულსა და ურთიერთობაზე. დაქორწინებული ქალწულებისთვის, ვინც იმითაც კმაყოფილია, რაც გააჩნია, 2025 წელი განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე, უკვე მოსინჯული და კარგად აპრობირებული გეგმით – მუდმივი კონფლიქტებითა და კომპრომისებით, ერთობლივი შვებულებებითა და საზეიმო დღეების ოჯახურ წრეში აღნიშვნით ჩაივლის.
კარიერა და ფინანსები – წლის დასაწყისში, როცა მიხვდებით, რომ არჩეული პროფესია ვერც თქვენს ამბიციებს აკმაყოფილებს, ვერც მატერიალურ მოთხოვნილებებს, ჯერ იმედგაცრუებას იგრძნობთ, მერე კი, აქტიურად შეუდგებით ახალი სამსახურის ძიებას. მეტად პერსპექტიული იქნება გაზაფხულის სეზონი, როცა უსაქმურობით მოქანცული თავდაუზოგავად შეუდგებით მუშაობას, საკუთარი შრომის შედეგს კი, შემოდგომაზე მოიმკით, რაც თვითრწმენასაც გაგიმტკიცებთ და საკუთარი არჩევანის მართებულობაშიც დაგარწმუნებთ.
სასწორი
სასწორის ნიშნით დაბადებულებს ზამთარში და გაზაფხულზე მოუწევთ ცოდნის შეძენა და კვალიფიკაციის ამაღლება, რასაც მეტად ეფექტურად გამოიყენებენ წლის მეორე ნახევარში. მართალია, მომავალ წელს სასწორი უამრავ მაცდუნებელ შეთავაზებას მიიღებს, მაგრამ კარგად მოუწევს დაფიქრება, რამდენად უღირს სტაბილურობის გაცვლა და ერთი შეხედვით მომხიბვლელ, თუმცა მაინც ავანტიურულ წამოწყებაში მონაწილეობა.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, მარტოხელა სასწორებს, რომელთა ელეგანტურობისა და შარმის წინაშე ყველა უძლური აღმოჩნდება, სასიყვარულო თავგადასავლები, რომანტიკული აღმოჩენები და დაუვიწყარი შეხვედრები ელით, მაგრამ მაინც სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ, რადგან ახლად გამომცხვარი თაყვანისმცემლები ყოველთვის ვერ გაამართლებენ მათ იმედებს. ნაკლები საფრთხე გელით დაქორწინებულ სასწორებს, რადგან ნამდვილად ვერაფერი აიძულებს თქვენს მეორე ნახევარს იმ კომფორტული ბუდის დატოვებას, რომელიც თქვენვე შეუქმენით და თავიც ნამდვილ არწივად აგრძნობინეთ.
კარიერა და ფინანსები – გილოცავთ სასწორებო! 2025 წელი თქვენთვის არა მხოლოდ შემოსავლებისა და ფინანსური წარმატების, არამედ კარიერული ზრდის წელიც იქნება, თუმცა არაა გამორიცხული მანამდე უცნობ სფეროში მოსინჯოთ შესაძლებლობები და სწორედ ახალ სამსახურში ჩაიბაროთ ხელმძღვანელის პოსტი, რაც ერთის მხრივ, თქვენს შემოსავალს გაზრდის, მეორეს მხრივ კი, საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ.
მორიელი
მორიელის ნიშნით დაბადებულებმა წლის პირველი ნახევარი ძველი პოზიციების განმტკიცებას უნდა დაუთმონ, რათა ახლის დევნაში ისიც არ დაკარგონ, რაც სიმწრით მოიპოვეს.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, მარტოხელა მორიელების მაგიური მიმზიდველობა ყოველთვის ამართლებდა და არც მომავალი წელი იქნება გამონაკლისი, მაგრამ მაინც არ ღირს ჩვეული შეუპოვრობით შეტევაზე გადასვლა და თაყვანისმცემლების ერთიანად გათელვა, რადგან ყველა ვერ გაუძლებს თქვენს ვნებებსა და მოზღვავებულ ემოციებს. სიურპრიზი გელით დაქორწინებულ მორიელებსაც, რადგან მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ მეუღლის მიმართ აბსოლუტურად გულგრილს დიდი ხანია სხვისკენ გიჭირავთ თვალი, უბრალოდ მანამდე აღიარებას ვერ ბედავდით. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას და ერთი ხელის მოსმით ყველაფრის დანგრევას, უმჯობესია დაფიქრდეთ, რამდენად გიღირთ საკუთარი ნებით მახეში თავის გაყოფა.
კარიერა და ფინანსები – მორიელისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მომავალი წელი წარმატებული, თუ ამბიციების მოთოკვას შეძლებს. მართალია, შრომისმოყვარეობა და ნებისმიერ სიტუაციაში სარგებლის ნახვის უნარი ძალიან გამოგადგებათ გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა ერთი-ორად გაზრდით შემოსავალს, მაგრამ შემოდგომასა და ზამთარში, როცა მოულოდნელად მოგიწევთ ხარჯის გაწევა, სტაბილურობის შეგრძნებაც სწრაფად გაქრება, რასაც სამსახურებრივი პრობლემებიც დაემატება, რადგან ინტერესთა კონფლიქტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის გამონახვა. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია კუდის ერთი მოქნევით ყველას “დაწამვლა”, მაგრამ უმჯობესია მშვიდად დაემშვიდობოთ ძველ საქმეს და ახალ სფეროში შეუდგეთ ცოდნის შეძენას.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებს, რომელთაც პლანეტები პირად ცხოვრებასთან ერთად, პროფესიულ სფეროშიც აიძულებენ ცვლილებების განხორციელებას, მთელი წლის მანძილზე მოუწევთ ბალანსირება, რათა უყურადღებობითა და გულგრილობით არც ახლობლებს დაწყვიტონ გული, არც კოლეგები გაანაწყენონ.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – სიცოცხლით სავსე მშვილდოსნისთვის, რომელსაც არასდროს ჰბეზრდება ფლირტი და რომანტიკული თავგადასავლები, 2025 წელი საკუთარ სურვილებში გარკვევისა და დაღვინების წელი იქნება. მარტოხელები სწორედ მომავალ წელს შეძლებენ ისეთი პარტნიორის მოძიებას, ვინც სრულად გაიზიარებს მათ ინტერესებს, თავისუფლებისა და თავგადასავლების სიყვარულს, დაქორწინებულები კი, კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ წლების წინ გაკეთებული არჩევანი წლების შემდეგაც ამართლებს.
კარიერა და ფინანსები – რა თქმა უნდა, მშვილდოსანი, რომელსაც ყოველთვის კარგად გამოსდის ფულის ფლანგვა, ვერც მომავალ წელს ისწავლის ჭკუას, მაგრამ ცხოვრება მაინც აიძულებს ხარჯის შემცირებას. წლის პირველი ნახევარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული თუ არ დაიზარებთ და შემოსავლის დამატებით წყაროს მოიძიებთ, რომელსაც ზაფხულში დააბანდებთ მეტად შემოსავლიან წამოწყებაში, თუმცა, არც ამ შემთხვევაში ღირს იმპულსურად მოქმედება, უთავბოლო შოპინგების მოწყობა და იმ უსარგებლო ნივთების მოგროვება, რომელთაც არასდროს გამოიყენებთ.
თხის რქა
თხის რქის ნიშნით დაბადებულთათვის თებერვლისა და მარტის თვე იქნება განსაკუთრებით წარმატებული, როცა მოთმინებისა და შეუპოვრობის წყალობით არა მხოლოდ ძველი პოზიციების შენარჩუნებას შეძლებენ, არამედ ახალ მწვერვალებსაც დაიპყრობენ.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – შრომისმოყვარე თხის რქისთვის, რომელიც წარმატებულ კარიერაზე ფიქრით დაიბადა, მომავალ წელსაც მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იქნება პრიორიტეტული. მეტიც, მარტოხელა თხის რქები ნებისმიერს “ურქენენ”, ვინც მიახლოებას გაბედავს, დაქორწინებულებს კი, ნამდვილად მისალოცად ექნებათ საქმე, რადგან ბოლოს და ბოლოს მეუღლესაც შეამჩნევენ და მის სახელსაც დაიმახსოვრებენ.
კარიერა და ფინანსები – აბა, თქვენ იცით თხის რქებო, უკან არ დაიხიოთ და ახალი წლის პირველ დღესვე მიეძალეთ სამუშაოს! შეგიძლიათ სამსახურში შეიაროთ და კომფორტულ გარემოში მარტომ აღნიშნოთ დღესასწაული. ყველასთვის სიკეთის მომტანი იქნება, თუ ზედმეტად შრომისმოყვარე თხის რქა მოკლე პაუზას აიღებს, თვითონაც დაისვენებს და სხვებსაც დაასვენებს, მერე კი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას – ყველგან მივა, ყველაფერს ნახავს და ყველგან გაიმარჯვებს.
მერწყული
მართალია, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის, რომელიც ზედმეტად შეეჩვია პასიურობას, 2025 წელს მთავარ ამოცანად საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცვლა იქცევა, მაგრამ არც ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაივიწყოს, რაც განსაკუთრებით მარტის დაბნელებების (მთვარის დაბნელება – 14 მარტს, მზის დაბნელება 29 მარტს) დროს გახდება აქტუალური.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – მერწყულებო გამაგრდით! ცვლილებები პირად ცხოვრებაში წლის დასაწყისშივე დაიწყება, როცა მარტოხელები ყოფილ პარტნიორებს დაუბრუნდებიან, თუმცა თვითონაც ვერ მიხვდებიან სად დაუცდათ ფეხი და ისევ ძველ შარში რატომ აღმოჩნდნენ, დაქორწინებულები კი, საბოლოოდ გადაწყვეტენ ცერბერად ქცეული მეუღლეებისგან თავის დაღწევას, თუმცა ვერც თავისუფლებით დატკბობას შეძლებენ დიდხანს, რადგან ახალ ცერბერსაც მალე გადაეყრებიან. განსაკუთრებით მშფოთვარე მერწყულებისთვის გაზაფხული და ზაფხული იქნება, რადგან საკუთარ გრძნობებთან ერთად პარტნიორების იმპულსურ მოქმედებაზეც თვითონ მოუწევთ პასუხისგება.
კარიერა და ფინანსები – მერწყულისთვის 2025 წელი პირველ რიგში არასტანდარტულად აზროვნებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის წელი იქნება, რაც ერთის მხრივ, კოლეგებისა და ხელმძღვანელების მხრიდან დაფასდება, მეორეს მხრივ კი, მატერიალურად ანაზღაურდება. ეცადეთ სრულად გამოიყენოთ წლის პირველი ნახევარი, რადგან მეორე ნახევარში აშკარად იგრძნობთ დაღლილობას, რაც საქმისადმი ინტერესსაც დაგაკარგვინებთ.
თევზები
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, რომელთაც გრანდიოზული გეგმების დასახვა უფრო მოსწონთ, ვიდრე მათი შესრულება, ისევ გაუჭირდებათ ოცნებებზე უარის თქმა და პრაგმატულად მოქმედება.
სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა – ყველაზე იღბლიანი მომავალი წელი სწორედ მგრძნობიარე და ემპათიური თევზებისთვის იქნება. მარტოხელა თევზები, რომელთაც თვითრწმენა მოემატებათ, საოცარ სიმსუბუქეს იგრძნობენ ნებისმიერ ურთიერთობაში. განსაკუთრებით “მოსავლიანი” იქნება შემოდგომა, როცა თქვენი შარმი და თანდაყოლილი იდუმალება არავის დატოვებს გულგრილს. თუმცა არ ღირს პარტნიორების გაიდეალება და კერპად ქცევა, რადგან ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ილუზიებთან დამშვიდობება და რეალური ადამიანის მიღება. დაწყვილებულ თევზებს პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცების შანსი ექნებათ, მართალია, ზაფხულის ცხელ სეზონზე თქვენს ურთიერთობაშიც მოიმატებს ტემპერატურა, მაგრამ აგრილებასთან ერთად კონფლიქტებიც ჩაცხრება და ყველა უთანხმოებაც.
კარიერა და ფინანსები – მართალია, თევზებისთვის მატერიალური კეთილდღეობა არასდროს იყო პრიორიტეტული, რადგან იმ ილუზორულ სამყაროში, რომელიც თვითონვე შექმნეს, სულიერ-ემოციურ შემადგენელი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მომავალ წელს მაინც მოუწევთ წარმოსახვითი სამყაროს დათმობა და რეალური შემოსავლების მოძიება, რადგან ძალიან გაუგრძელდათ ღრუბლებში ფრენა. თევზებო! დროა, საკუთარი ნებით გამოფხიზლდეთ, სანამ ქუჩაში, ხის ძირში არ მოგიწიათ გაღვიძება, მით უფრო, რომ ძალიან კარგი წელია გაერკვეთ საკუთარ თავში, მოძებნოთ საყვარელი საქმე და გადმობარგდეთ სხვისი კისრიდან, რადგან ნათესავებიც ძალიან შეწუხდნენ!