პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„მყავს ერთი ძველი მეგობარი. მოსკოველია, „კარენოი“, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული რეპერი Лёша. ურთიერთობაში ბრწყინვალე ტიპია, თბილი, ლოიალური, სანდო. მაგრამ აქვს ერთი მძიმე კლინიკური დიაგნოზი: წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის მოახლოებისას, მასში სხვა ადამიანი იღვიძებს. პიროვნების სრული დისოციაცია ხდება. ამ თავის ბნელ ალტერ-ეგოს თვითონვე დაარქვა „ალიკა“.
სანამ ალიკა მართავს სხეულს, Лёша აკეთებს ყველაფერს, რაც ჯანსაღი აზრის, ლოგიკისა და თვითგადარჩენის ინსტინქტის მიღმაა. მერე კი, როცა სეზონური გამწვავება გაივლის, მკურნალობის (თუმცა სად არ იმკურნალა) თუ უბრალოდ დროის გასვლის გამო, „ალიკა“ მიდის და ბრუნდება ჩვენი ძველი Лёша. როცა ვუყვებით, ან ფაქტებს ვუდებთ წინ, თუ რას აკეთებდა, ვის ეჩხუბა, სად გადაეშვა — თვალებს აფახულებს და სრულიად, აბსოლუტური, ბავშვური გულწრფელობით გეკითხება: „მე? ეგ მე გავაკეთე? რას ამბობთ, როგორ შეგეძლოთ ეგ დაგეშვათ?!“ მას მართლა გულწრფელად უკვირს საკუთარი წარსული.
რატომ გამახსენდა ახლა ჩემი რუსი რეპერი მეგობრის სეზონური ფსიქოზი?
იმიტომ, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას ვუყურებ და ვხედავ ერთ დიდ, 3 მილიონიან კოლექტიურ Лёша-ს, რომელსაც ქრონიკული, გაჭიანურებული „ალიკა“ სჭირდა ბოლო 35 წლის განმავლობაში და ახლა, როცა აზრზე მოსვლას ცდილობს, საკუთარი ნახელავი უკვირს.
მოდით, ისტორიულ სარკეში ჩავიხედოთ, თორემ კოლექტიური ამნეზია საშიში დაავადებაა.
35 წელი — მთელი ერთი თაობის სიცოცხლის ციკლი — ეს ქვეყანა სრული ეგზალტაციით, აკვიატებული მანიითა და მეტროპოლიისადმი პროვინციული მორჩილებით, ვარსკვლავებიან-ზოლიანი დროშების ფრიალში ატარებდა.
ჩვენ ვიყავით ერი, რომელმაც საკუთარი იდენტობა ამერიკული საელჩოს პრესრელიზებზე გაცვალა.
ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც აშშ-ის პრეზიდენტს ჩამოსვლამდე ისეთი ესკორტი დავახვედრეთ და ქუჩა ვუსახელეთ, რომ ლამის რომის პაპად შევრაცხეთ.
ჩვენ ერაყსა და ავღანეთში, სხვის, ჩვენთვის სრულიად გაუგებარ და არარელევანტურ ომებში, იმაზე მეტი ენთუზიაზმითა და კონტინგენტით ვგზავნიდით ახალგაზრდა ბიჭებს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის საზღვრებს ვიცავდით. “მშვიდობისმყოფელები” — ვეძახდით და მედლებს ვკიდებდით, თითქოს ჰელმანდის პროვინციაში წყდებოდა აფხაზეთისა ან სამაჩაბლოს ბედი.
ჩვენთან ნებისმიერი მეხუთეხარისხოვანი ევროპელი თუ ამერიკელი ჩინოვნიკის ცხვირის დაცემინება კანონპროექტად იქცეოდა ხოლმე. კონსტიტუციას ვკერავდით და ვარღვევდით მათი ელჩების თვალის ჩაკვრაზე.
ჩვენი კოლექტიური „ალიკა“ დაუღალავად ცეკვავდა გრანტების, სტრატეგიული პარტნიორობის ილუზიისა და ურაპატრიოტული სადღეგრძელოების რიტმში. ვიყავით „დემოკრატიის შუქურა“, რომელსაც შუქი მხოლოდ მაშინ ენთებოდა, როცა ვაშინგტონიდან ჩამრთველს დააწვებოდნენ.
და რა ხდება ახლა?
მოვიდა შემოდგომა. ვითარება შეიცვალა. გეოპოლიტიკურმა ფილებმა გადაინაცვლა და ცაში გავიხედეთ. და რას ვხედავთ? ქართულ საჰაერო სივრცეში, ჩვენს თავზე, მშვიდად დაფრინავენ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები, სტრატეგიული ბომბდამშენები თუ საჰაერო ტანკერები.
და უცებ… უცებ ერს Лёша დაუბრუნდა.
კოლექტიური შოკი. აღშფოთება. შეშფოთება.
— „ესენი აქ რას აკეთებენ?!“ — „ვინ მისცა უფლება?!“
— „ჩვენ ხომ სუვერენული სახელმწიფო ვართ?!“
სერიოზულად? ახლა გაგახსენდათ სუვერენიტეტი? მეო? ეგ ჩვენ გავაკეთეთო? — Лёша-სი არ იყოს, გულწრფელად გიკვირთ?
როცა 35 წელი ნებაყოფლობით იხდი სუვერენიტეტს და საკუთარი ქვეყნის გასაღებს სხვის ჯიბეში დებ; როცა ათწლეულების განმავლობაში გლობალური მოთამაშეების გეოპოლიტიკურ პოლიგონად, ბუფერულ ზონად და „ჭადრაკის პაიკად“ აქცევ საკუთარ თავს — ახლა რატომ გიკვირთ, რომ დაფაზე ფიგურებს თქვენს უკითხავად ამოძრავებენ?
ეს საჰაერო ტანკერები და სამხედრო ბორტები მოწმენდილი ციდან არ ჩამოვარდნილან. ისინი ზუსტად იმ გზით მოფრინავენ, რომელიც ჩვენმა კოლექტიურმა „ალიკამ“ 35 წლის განმავლობაში წითელი ხალიჩებით, ინგლისურენოვანი ტრაფარეტებითა და ბრმა, იდიოტური მონური მორჩილებით მოკირწყლა.
ისტორიას არ აქვს სეზონური ამნეზია. ფიზიკის კანონივით მარტივია: მოქმედება იწვევს უკუქმედებას. ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის, ხოლო ვინც 35 წელი სხვისი დროშით დაფრინავს, ერთხელაც საკუთარ ცაში სხვისივე ესკადრილიას აღმოაჩენს.
ასე რომ, სანამ ცაში თითს გავიშვერთ და ტრაგიკულ პოზას მივიღებთ, ჯობს სარკეში ჩავიხედოთ. იქნებ მივხვდეთ, რომ პოლიტიკურ შიზოფრენიას და სხვებზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას არცერთი სახელმწიფო არ მიუყვანია გადარჩენამდე. Лёша-ს მაინც ვაპატიებთ — ის უბრალოდ ავადაა, მაგრამ ერისთვის მსგავსი დიაგნოზი, როგორც წესი, ლეტალურად სრულდება ხოლმე.“
ირაკლი ყიფიანი
1.04.2026
P.S Лёха, родной, ты же знаешь, как я тебя люблю и ценю. Если вдруг кто-то сольет тебе перевод этого моего публицистического опуса, не кипишуй и не принимай близко к сердцу. Твой внутренний «Алик» просто оказался гениальной, железобетонной метафорой для описания нашей местной политической шизофрении. Никакого перехода на личности, чистая аллегория для статьи. Искусство требует жертв, а хорошая аналитика — жестких параллелей. Так что без обид, бро. Обнял! 


