ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ,...

„შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რითაც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა“-მეუფე შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვები სიონის საპატრიარქო ტაძარში
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) გამოსამშვიდობებელი სიტყვა
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
ძვირფასო მამებო, დედებო,
ძმებო და დებო,
აი, დადგა წუთები, როდესაც სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი.
ყველამ ვიცით, რომ განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი. აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, შეიძლება ითქვას, სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელთაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას; იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და ღვაწლით.
აი, ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში.
დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, ბოლოს გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვთქვათ: შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რითაც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა.
ასე რომ, დღეს ბევრის თქმა გვინდა, მაგრამ ჩვენ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა, მოვილაპარაკეთ, სიტყვა მივცეთ ქიროტონიით უხუცეს მღვდელმთავარს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე).
ძვირფასო მეუფე, გვითხარით თქვენი სიტყვა უწმინდესის ღვაწლზე. გამოხატეთ ყოველი ჩვენგანის მაგივრად ეს დიდი სიყვარული და გრძნობა…
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) გამოსამშვიდობებელი სიტყვა
დღეს მწუხარე არის ჩვენი სული, ჩვენი ერი, როგორც ეს ვიხილეთ ამ დღეებში, გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას.
ამასთანავე, ამ მძიმე დღეებში ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვამხნევებს და მოციქულიც ამბობს: „რაკი სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ“ (რომ. 5, 1), – ბრძანებს მოციქული პავლე და იქვეა ნაბრძანები: „გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას“ (რომ. 5, 3-4), სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს, რადგანაც ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი.
განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს – 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგანაც მან აღასრულა თავისი ვალი.
ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე.
თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ – მღვდელმთავარი. ის იყო ძალზე მიზანდასახული. ის წინასწარ მოფიქრებულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალ წარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას. „მე მსურს, – ბრძანებდა ის, – რომ გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია“. მას სჯეროდა, რომ მის სამწყსოს, ერს, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო ქრისტეს ნათელი, უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის მძიმე ფარდით. მართლაც, მისი განუზომელი შრომით ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა. ამ მხრივ მისი ღვაწლი არის სამოციქულო.
მრავალჯერ ითქვა, მისმა უწმინდესობამ ამ 49 წლის წინ ჩაიბარა დამცრობილი ეკლესია და ახლა ვხედავთ მისი მმართველობის შედეგად გაძლიერებულს, როგორც ფსალმუნებშია ნათქვამი: „ვითარცა ორბისა, განახლდა სიჭაბუკე მისი“ (ფს. 102, 5).
ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, გაგიშლიათ არწივის ფრთები და თქვენს ფრთებთა ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს, საქართველოს ერს, ყველა მართლმადიდებელს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა; ყველა მოქალაქეს, დიდსა და მცირეს, ქვეყნის მმართველებს, რიგით მუშაკებს, რომელთა ლოცვა ახლოს არის უფალ ღმერთთან. თქვენ იკრებთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, სამშობლოს მცველ ჯარისკაცებს, ახალ თაობას, იმედსა და მომავალს ერისა, თქვენ ჭეშმარიტად ბრძანდებით მამა სამშობლოისა!
რამდენი ახალი ეკლესია, მონასტერი, საეპისკოპოსო შემატეთ უფლის სამწყსოს; რამდენი წინაპართა მიერ წამოწყებული, მაგრამ ამჟამად დავიწყებული საქმე განაახლეთ; რამდენი სიკეთის მიზეზად იქცა თქვენი სიტყვა და ზრახვა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის, ანუ სრულიად საქართველოს, მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ასევე, თქვენი ლოცვით და შრომით დაგვირგვინდა თითქმის თანაფარდი ავტოკეფალიური მოძრაობა.
ყველა თქვენი დამსახურების მოწიწებითი გამოხატულებაა წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომლითაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა.
ჩვენ ვგლოვობთ და ვწუხვართ, რომ ამჟამად ვდგავართ სიონის ტაძარში, იმ ადგილზე, სადაც განისვენებენ ჩვენი უდიდესი პატრიარქები, თავდადებული მოღვაწეები. როგორც ილია მართალი ამბობდა მსგავსი უდიდესი მოღვაწეების მიმართ: „განისვენეთ მშვიდად მათ გვერდით, თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი“.
საუკუნოდ იყავ ხსენება შენი, ღირსო ნეტარებისაო, უწმინდესო პატრიარქო ჩვენო, ამინ!
22 მარტი, 2026 წელი, სიონის საპატრიარქო ტაძარი
  1-ლი ივლისიდან ქვეყანაში ახალი კანონი ამოქმედდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი