საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე რეზერვისტებს სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ტერიტორიული რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამჯერად, ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს შეუერთდა ქვეყნის ასამდე მოქალაქე, მათ შორის უმეტესობა სტუდენტები არიან. სამხედრო ფიცის მიღებამდე, მათ საბრძოლო და საცეცხლე მომზადება გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. გამოვლინდნენ მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტები, რომლებსაც ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ.
ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის 201-ე, 202-ე, 204-ე და 205-ე ბატალიონებში განაწილდებიან.


