11 ოქტომბერს “ჰელიომ” აზერბაიჯანის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სამიტის InMerge-ის სტარტაპების კონკურსში გაიმარჯვა. Startup Competition-ში 25 ქვეყნიდან წარმოდგენილი კომპანიები მონაწილეობდნენ. Pitch ჰელიოს თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, იაკო ჯიქიამ წარადგინა.
Helio.AI ქართული სტარტაპია, რომელიც წელიწადზე მეტია, დაფუძნდა და თავისი ინოვაციური პროდუქტის საშუალებით უკვე რამდენიმე დიდ წარმატებასაც მიაღწია.
“ჰელიო” ავითარებს რეკრუტინგის შიდა სოფტს, რომელიც დამსაქმებელს ეხმარება რეკრუტინგის მთელი ციკლის ერთ სივრცეში გაერთიანებასა და პროცესის გამარტივებაში. ჰელიოს პლატფორმა აერთიანებს რეკრუტინგის ყველა ეტაპს და მის ავტომატიზაციასაც უზრუნველყოფს. “ჰელიოს” უკვე ჰყავს 100-ზე მეტი კლიენტი კომპანია და GITA-ს საგრანტო კონკურსის და 500 Eurasia-ს აქსელერატორის გამარჯვებულიცაა.
ჰელიოს ოთხი თანადამფუძნებელი ჰყავს (იაკო ჯიქია, ნინი მოსიაშვილი, სულხან სახვაძე და ნათია ქუხილავა) და სტარტაპის შექმნის ინსპირაციაც მათ პირად გამოცდილებას და იმ გამოწვევებს უკავშირდება, რომელსაც ისინი რეკრუტინგის პროცესში აწყდებოდნენ.
მედიაჰოლდინგი “შენი” ნინი მოსიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ და აქვე ვაანონსებთ ურთიერთთანამშრომლობას, რადგან cv.sheniekimi.ge “ჰელიოსთან” ინტეგრირებულ პარტნიორობას გეგმავს საავადმყოფოების სექტორის ვაკანსიენის განთავსების ნაწილში:
-„ჰელიო“ არის რეკრუტინგის შიდა სოფტი, რომელიც კომპანიებს ეხმარება შერჩევის პროცესის გაციფრულებაში, გამარტივებაში და, რაც მთავარია, დაჩქარებაში. წარმოიდგინეთ, რომ აღარ გვიწევს ცალ-ცალკე კომუნიკაცია დასაქმების საიტებთან, აღარ გვიწევს რეზიუმეების მეილზე მიღება, სათითაოდ კომუნიკაცია აპლიკანტებთან. ეს ყველაფერი ხდება ერთიან სისტემაში. ძალიან მარტივია „ჰელიოს“ გამოყენება იმიტომ, რომ არ სჭირდება ინტეგრაცია. პირდაპირ შესაძლებელია დავიწყოთ სოფტის მოხმარება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სივრცეშია განთავსებული და რეკრუტერს ძალიან მარტივად შეუძლია „ჰელიოშივე“ შექმნას ვაკანსია; იქვე ყველანაირ ინფორმაციას მოუყაროს თავი, იქიდანვე გააზიაროს და მიიღოს რეზიუმეები. ჩვენი ხელოვნური ინტელექტი ეხმარება, რომ პირველადი გადარჩევა გააკეთოს და შესთავაზოს აპრიორი კანდიდატები. ასევე გვაქვს თამაში, რომელიც ეხმარება კომპანიებს, რომ არ დაეყრდნონ მხოლოდ ადამიანების გამოცდილებას და ასე შეაფასონ მათი უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ამ თამაშს AI ეხმარება ტექნიკური უნარების გამოცდილების შეფასებაში, ხოლო თამაში ეხმარება რბილი უნარების გაანალიზებაში და საბოლოოდ HR ხედავს სრულ ინფორმაციას, სრულ ციკლს და, რა თქმა უნდა, ანალიტიკას და რეპორტინგს ძალიან მარტივად აკეთებს.
– გამოდის, რომ ამ გზით კომპანიებისა და ორგანიზაციების HR-ებს საქმეს უმარტივებთ…
– ვუმარტივებთ და თან დროის დაზოგვაშიც ვეხმარებით, რომ საკუთარი დრო უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისათვის მიმართონ და ხელით საკეთებელ საქმეებზე დრო აღარ დაკარგონ – ავტომატიზაცია გააკეთონ.
– ამ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტის როლზეც მინდა ვისაუბროთ, რადგან ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტი „მწვერვალებს იპყრობს“ ყველა სფეროში… გვიამბეთ, როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ ამ გზით გამოგეყენებინათ ხელოვნური ინტელექტი და რამდენად წარმატებულია თქვენი წამოწყება?
– ვართ 4 დამფუძნებელი და ჩვენი გამოცდილება იყო როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კომპანიებში მუშაობისა… თვითონ დამფუძნებლები ვაწყდებოდით რეკრუტირებასთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ პრობლემას, რომლებსაც ვერ აგვარებდნენ ბაზარზე არსებული სოფტები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თვითონ შეგვექმნა ისეთი სოფტი, რომელსაც ექნებოდა ხელოვნური ინტელექტი მორგებული და გაწვრთნილი ქართულ ენაზე. ჩვენ ვართ ერთადერთი, რომლებმაც ეს გავაკეთეთ HR-ის მიმართულებით და ჩვენ გვყავს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, რომელიც არის საფრანგეთისა და გერმანიის AI კვლევითი ინსტიტუტების წევრი. სწორედ ნათიას მიერ არის დაწერილი ეს ჩვენი მოდელი, რომელიც ეხმარება კომპანიებს, რომ სწორად შეაფასონ ადამიანები და AI-ის დახმარებით ავტომატიზაცია მოახდინონ. ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რადგან ჩვენ მიერ არის დაწერილი, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მარტივად მოვერგოთ და ვადაპტირდეთ სხვა ბაზრებზე. ამიტომ წარმოდგენილი ვართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე გავედით უზბეკეთში და გავდივართ აზერბაიჯანის ბაზარზეც. უკვე მოხდა მათ ენაზე ინტეგრაციაც.
– ალბათ, გეგმავთ ევროპის ბაზარზე გასვლასაც…?
-ჩვენი მიზანია, რომ „ჰელიო“ გახდეს გლობალური და ნებისმიერი წერტილიდან იყოს შესაძლებელი მისი გამოყენება. ერთი წელია, რაც ბაზარზე ვართ და ამ ერთი წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ უკვე სამ ბაზარზე გავედით, თუმცა ჩვენი გეგმები ძალიან დიდია. გეგმებში გვაქვს დიდი ქვეყნებიც, აზიის მხარე. ასე ვთქვათ, ჯერ ვაპირებთ ერთი მხარე ავითვისოთ და შემდეგ ევროპისკენაც წავალთ. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით.
–რა ტიპის კონტრაქტორები გყავთ ახლა? რა ტიპის ვაკანსიებია ძირითადად თქვენთან? მინდა, რომ სამედიცინო ნაწილზეც ისაუბროთ, რადგან ჩვენი ინტერესის სფერო სწორედ ეს არის…
-თავიდან, როდესაც „ჰელიო“ შევქმენით, ერთი წლის წინ, ვვარაუდობდით, რომ „რითეილი“ ყველაზე აქტიურად გამოიყენებდა ჩვენს პროდუქტს, მაგრამ ძალიან მალე მივხვდით, რომ ნებისმიერი ტიპის ინდუსტრია ძალიან კარგად ირგებდა „ჰელიოს“ თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე. დღეს გვყავს ასზე მეტი კომპანია, რომლებიც აქტიურად იყენებს „ჰელიოს“. მათ შორის არის როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ძალიან დიდი ბრენდები. და თავიდანვე, როდესაც ბაზარზე შემოვედით, ძალიან აქტიურად ჩაერთო სამედიცინო მიმართულება ყველანაირი ტიპის პოზიციისათვის.
– მაინტერესებს სტარტაპის ეტაპზე რა სირთულეებს წააწყდით? ცოტა განსხვავებული სტარტაპია, სიმართლე გითხრათ, მსგავსი ისტორია ნამდვილად არასოდეს მსმენია. გვიამბეთ, რა ეტაპზე ხართ ახლა?
-გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა ძალიან რეალური და თვალსაჩინო იყო, ზუსტად ვიცოდით, რომ ამ პრობლემას სჭირდებოდა სწორი გამოსავალი. თავიდან, ალბათ, პირველი დაბრკოლება, რასაც წავაწყდით, იყო ის, რომ გვითხრეს, რომ ტექნიკურად საქართველოში ძალიან გაგვიჭირდებოდა ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც ტექნიკურ მხარეს გამართავდნენ, AI-ს გააკეთებდნენ, თუმცა ჩვენ ძალიან გაგვიმართლა და გვყავს თანადამფუძნებელი, თანაც გოგონა, რომელიც ამ ყველაფერს იდეალურად ართმევს თავს. ალბათ, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ეს უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენთვის არ აღმოჩნდა და ძალიან მალე ვიპოვეთ ასეთი ადამიანი. მართალია, ჩვენ ამ სფეროში გამოცდილება მხოლოდ ერთი წელია გვაქვს, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა, ეს ყველაფერი ჩვენთვის 3-5 წლამდე გამოცდილებას უდრის. შეიძლება ითქვას, რომ გუნდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ კომპანიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ ჩვენს მომხმარებლებს; გვაინტერესებდეს, რა სჭირდებათ, გულთან ახლოს მიგვქონდეს მათი ყოველდღიურობა, პრობლემები და ზუსტად ამაზე ვახდენდეთ რეაგირებას და ყოველდღე ვვითარდებოდეთ ხალხის აზრიდან გამომდინარე. ჩვენს მომხმარებლებსაც რომ ვკითხოთ, მათი მხრიდანაც დარწმუნებული ვარ, „ჰელიოს“ წარმატების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდება ისიც, რომ ჩვენ გვაინტერესებს, რა სჭირდებათ ჩვენს მომხმარებლებს, როგორ დავუზოგოთ დრო, როგორ დავეხმაროთ და აი, ამის საპასუხოდ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რასაც ვაკეთებთ.
მასალის გამოყენების პირობები