კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში 7 აპრილს რობერტ სტურუას სპექტაკლის – „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) პრემიერა გაიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
მსახიობმა ლევან ხურციამ რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში “ვეფხისტყაოსანი” ავთანდილის როლი შეასრულა.
მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს:
“სამი დღეა ვცდილობ არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც…
მსახიობის, რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეაა, დედაა და ბოლო ბოლო, ადამიანია. კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი!და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში, ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა, მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს, რადგან ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოელ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი, ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ, გაგახარებთ და ამასაც გეტყვით, ოღონდ მხოლოდ ჩემზე!! ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!”, – წერს სოციალურ ქსელში ავთანდილის როლის შემსრულებელი, ლევან ხურცია, რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში, “ვეფხისტყაოსანი”


