დავიწყოთ ყველაზე “საბავშვო“ პროდუქტით – რძით. ის ბავშვს კალციუმით, ფოსფორით, A და B2 ვიტამინებით, ცილებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებით ამარაგებს. და მაინც, ექიმები ძალიან ფრთხილად ეპყრობიან რძეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე 1 წლამდე ასაკის ბავშვებს ეხება.
ცილებისა და მინერალების მაღალი შემცველობის გამო ჩვილებს უჭირთ რძის ათვისება და ხშირად ალერგიის მიზეზი ხდება. 12 თვემდე ბავშვებს რძე დასალევად საერთოდ არ უნდა მივცეთ – მხოლოდ ფაფაში ჩამატება შეიძლება.
წითელი თევზი, ზუთხი, ხიზილალა, ზღვის პროდუქტები
ეს საკვები მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებითა და ცხიმებით, ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით. მაგრამ ზღვის პროდუქტები (კრევეტები, კალმარი, მიდიები და სხვ.) ასევე გამოირჩევა მინერალების სიუხვით: იოდის, მაგნიუმის, კალციუმის, ფოსფორის.
ამ ყველაფერთან ერთად, აზრი, რომ ისინი ჩვილებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში და წონაში მატებაში ეხმარებიან, გაზვიადებულია. 3 წლამდე ასაკის ბავშვებს საერთოდ არ უნდა მივცეთ ცხიმიანი თევზი და ზღვის პროდუქტები.
ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა ჭარბი ცხიმის მიმართ მგრძნობიარეა, ხოლო ორაგული და ზუთხი ძნელად მოსანელებელია. ხიზილალა და დამარილებული კი თევზი ზედმეტ მარილს შეიცავს, რაც თირკმელებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას ტვირთავს. ზღვის პროდუქტები ხშირად ალერგიას იწვევს და შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გააღიზიანოს.
ბროწეული
ხილში განსაკუთრებული პოპულარულია ბროწეული. ითვლება, რომ ის ჰემოგლობინის გაზრდას და იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. ბროწეული უდავოდ ჯანსაღი პროდუქტია: შეიცავს უამრავ გლუკოზას, ფრუქტოზას, ტანინს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს C, PP. მაგრამ მჟავების სიმრავლე აღიზიანებს კუჭს და ამიტომ ბავშვს ბროწეულის წვენი მხოლოდ 3 წლის ასაკიდან მიეცით. ასევე იცოდეთ, რომ ჰემოგლობინის აწევა ბროწეულით (როგორც ნებისმიერი პროდუქტით) შეუძლებელია – ამისთვის საჭიროა რკინის დანამატები.
დაიმახსოვრეთ!
ასწავლეთ თქვენს შვილებს საკვების ზედმიწევნით დაღეჭვა. ფაქტია, რომ საჭმლის მონელების პროცესი იწყება არა კუჭში, არამედ პირის ღრუში. კბილებით კარგად დაქუცმაცებული საკვები პირის ღრუში იჟღინთება ნერწყვით, რომელიც სპეციალურ ნივთიერებებს – ფერმენტებს შეიცავს და სწორედ ისინი ეხმარებიან ორგანიზმს საკვების უფრო ადვილად ათვისებაში.
ზეითუნის ზეთი
დღეს ზეითუნის ზეთი ჩვენს სამზარეულოში უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე ოდესმე. კარგია პატარა ბავშვებისთვის?
ზეითუნის ზეთის სარგებელი ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობაა. მაგრამ ზეითუნის ზეთში ცოტაა ვიტამინი E და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვის ნერვული და იმუნური სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ ჩვილების კვებაში მას უპირატესობა არ უნდა მიანიჭოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ვერ მიიღებს საკმარის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც უხვადაა სხვა ზეთებში – მზესუმზირაში, სიმინდიში, სოიაში, რაფსში;
რომ შევაჯამოთ, სიფრთხილით მოეკიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა:
რძე
წითელი თევზი
ზუთხი
ხიზილალა
ზღვის პროდუქტები
ბროწეული
ზეითუნის ზეთი