წითელი ზღვის კრიზისი ახალ მასშტაბებს იძენს და პრობლემებს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. დიდი ბრიტანეთი უკვე ხმამაღლა ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ სუპერმარკეტებში შესაძლოა, გარკვეული პროდუქტების დეფიციტი შეექმნათ და ამის შესახებ მომხმარებლებიც გააფრთხილეს.
შეგახსენებთ, რომ იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში აზია ევროპის მთავარი სავაჭრო მარშრუტის ბლოკირება მოახდინეს, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის.
როგორც „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ტრანსპორტირების ხარჯი კომპანიებს ფაქტობრივად გაუსამმაგდათ და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, პროდუქტის გაძვირება გარდაუვალი იქნება.
„სუეცის არხში გამავალი ტვირთები 60%-ით შემცირდა. კომპანიებს უფრო გრძელი მარშრუტებით უწევთ გადაადგილება, რამაც ტრანსპორტირება დროში გაწელა და ფასსზეც აისახა.
კერძოდ, პანდემიის შემდეგ, ტრანსპორტირების ხარჯები 2000 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა, ახლა კი 6 ათასის ფარგლებშია. ფაქტობრივად, გასამმაგდა ღირებულება.
გაზაფხული-ზაფხულის ტვირთებთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ტრანსპორტირების ხარჯების პროდუქციის ფასში ასახვას არ ვგეგმავთ, რადგან შევძელით გარკვეული ტვირთის მანამდე წამოღება და ამით ვაკომპენსირებთ. მაგრამ თუ წითელ ზღვაში სავაჭრო მარშრუტებთან დაკავშირებით პრობლემები გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით, შემოდგომა/ზამთრიდან პროდუქციის თვითღირებულებაში ავსახოთ.
მაგალითისთვის, ავეჯის ნაწილში თვითღირებულება 50%-ით გაგვეზარდა და ეს რომ პირდაპირ ავსახოთ, გამოდის 50%-ით უნდა გავაძვიროთ ავეჯის ნაწარმი. ჩვენ იძულებული ვიქნებით, ფასები საკუთარი მოგების მარჟის ხარჯზეც შევინარჩუნოთ, როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით.
წითელი ზღვის კრიზისი, უფრო კრიტიკულად აისახება იმ პროდუქციაზე, რომელიც პირველადი მოხმარებისაა, ჩვენ ამ პროდუქციის იმპორტს არ ვახორციელებთ. მე მაინც ვიმედოვნებ, რადგან ეს პრობლემა გლობალურია, გრძელვადიანად ვერ გაგრძელდება,“ – აღნიშნა კახა ხაზარაძემ. წყარო
მასალის გამოყენების პირობები