საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის SIGIS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კომპანია სარკინიგზო და მულტიმოდალური გადაზიდვების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მომსახურებას ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. ის აქტიურად იყენებს პლატფორმას, რომლის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარს, სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის პროცესში, ლოკაციებისა და სხვადასხვა ინფორმაციის პერმანენტულ მიწოდებას სთავაზობს.
სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავებული აქვს გადაზიდვების თანამედროვე IT სისტემა, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემურ და ონლაინ აღრიცხვას უზრუნველყოფს.
*******
სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ხერტ იან კოოპმანი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა.
კოოპმანი მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ცხრა ნაბიჯის შესრულებისთვის საჭირო სამუშაოზე.
********
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ლატვიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ლატვიის და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებს ის პირველად შეხვდა, რადგან მათ უწყებები ცოტა ხნის წინ ჩაიბარეს.
*******
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელმა შვიდმა საოჯახო მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე – RAW Wine LA ქართული ღვინოები წარადგინა.
აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მიმდინარე წელს, გამოფენაში 14 ქვეყნის 100-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, კანადა და სხვა.
*******
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანი სომხეთთან ორმხრივი და პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა.
ბაირამოვმა, ასევე, ისაუბრა პოსტკონფლიქტურ პერიოდში რეგიონში არსებული მდგომარეობის, აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოების, ნაღმების საფრთხის და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე.
დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3
მასალის გამოყენების პირობები