აბასთუმანში, ელექტრომობილების დამტენების მოწყობაზე, ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.104 მლნ ლარია.
შესყიდვის ობიექტია ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ელექტრომობილების დამტენების მიწოდება-მონტაჟი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის და გაშვება-გამართვის სამუშაოები და მომსახურება.
ტენდერის პირობების მიხედვით, მომსახურების განხორციელების საერთო ვადა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეა.
შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, წინადადებების მიღება 31 ივლისიდან დაიწყება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
****
საქართველოში კონდიციონერების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 33.412 მლნ დოლარის ღირებულების ჰაერის კონდიცირების სისტემები შემოვიდა, რაც ბოლო 15-წლის მაქსიმუმია. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი. 2009 წელს კი ქვეყანამ მხოლოდ 4.761 მლნ დოლარის ღირებულების კონდიციონერები იყიდა. 2023 წლის იანვარ-მაისში კი იმპორტის მოცულობამ 25.999 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლევანდელ მონაცემებთან შედარებით 28.5%-ით ნაკლებია.
*****
მომავალი წლიდან ავტომობილები, ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. აღნიშნულს გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო კიდევ შემდეგ ჯერზე 300 ლარით დაჯარიმდება. ეს წესი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
*****
ყავის მსოფლიო ფასი მეორე კვარტალში კიდევ 18-20%-ით გაიზარდა, რაც აზიაში ანომალიურმა სიცხეებმა განაპირობა.
კერძოდ, აპრილ-ივნისში რობუსტას ჯიშის ყავის ფიუჩერსები, მარტთან შედარებით, 18,1%-ით გაიზარდა და ტონაზე რეკორდულ 4,394 დოლარს მიაღწია. ამასთან, არაბიკას ჯიშის ყავის მარცვალზე ფიუჩერსებმა 20,6%-ით მოიმატა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, ვიეტნამში, ტაილანდსა და ფილიპინებზე აპრილიდან ტემპერატურა ნორმაზე მაღალია და 48 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ფერმერები ზედიზედ მეორე წელია, ცუდი მოსავლის რისკის წინაშე დგანან.
****
ვროკავშირმა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე გადასახადები დააწესა. ევროკომისიის განცხადებით, ჩინური ელექტრომობილები უსამართლოდ სუბსიდირდება, რაც ევროკავშირის მწარმოებლებს საფრთხეს უქმნის. ამ დასკვნამდე უწყება საკუთარი გამოძიების შემდეგ მივიდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში გერმანიას, პოლონეთს, საბერძნეთსა და ჩეხეთს ეჭვი ეპარებოდათ, ხოლო საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ზომას მხარი დაუჭირეს.
****
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის ორგანიზებით საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედია-საშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მედია-სემინარს სხვადასხვა ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რეგიონული მედიის ჟურნალისტები ესწრებიან. სწავლებას საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან და განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კრიზისული კომუნიკაციის საფუძვლები და მედიის როლი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტები და პროტოკოლები, ეთიკა და კრიზისული კომუნიკაცია, პროფესიული ქცევის წესები და სხვა.
****
წეროვანში, (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კვირეული სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული.
****
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, „გლოვოს“ კურიერს გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. ცნობისთვის, 6 ივლისს, თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
*****
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრო ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მას სთხოვა, ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ატალს, ამ დროისთვის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენა სთხოვა.