„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვილილებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე.
ამასთან, დამცავი მოაჯირი აწყობილი უნდა იყოს EN 13374 სტანდარტით, შესაბამისი სერტიფიკატიკი უნდა ინახებოდეს იმ სამუშაო სივრცეში, სადაც ხდება მოაჯირის მონტაჟი.
ცვლილებების მიხედვით, ღიობების (ნაგებობაში ღიად დატოვებული სივრცეები), ყველა მხარე შემოსაზღვრული უნდა იყოს დამცავი მოაჯირებით. ასევე, ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული.
****
მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი დაამტკიცა.
დადგენილების მიხედვით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებელი და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი შესაძლებელია, რომ პირის განცხადების საფუძველზე ჩამოიწეროს.
ამავდროულად, მოსაკრებელი, ჯარიმა და საურავები შესაძლოა, ჩამოიწეროს შემდეგ შემთხვევაში: თუ პირს 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია და მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს.
****
„საქართველოს გზები“ კახეთის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაციას აქვეყნებს.
ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს:
ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი, საგარეჯოს შემოვლითი გზა, საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა.
ოთხივე პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე 1700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 1100-ზე მეტი ადგილობრივია.
პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან კახეთის ტურისტულ ობიექტებამდე მგზავრობის დრო ბევრად შემცირდება და გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
****
სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, როგორც ბათუმის, ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში. ახალ კვების და განთავსების ობიექტებთან ერთად, ბათუმში ვიზიტორებს განახლებული გმირთა ხეივანი დახვდებათ.
****
მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირმა უკრაინაში ურთიერთვაჭრობის ისტორიაში რეკორდული ოდენობის, 86 მლნ ევროს საკვები ნარჩენები შეიძინა.
კერძოდ, მარტთან შედარებით უკრაინიდან ნარჩენების მიწოდება, თითქმის, მესამედით, 27%-ით გაიზარდა. აპრილში მიწოდების უმეტეს ნაწილს კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები შეადგენდა, რომლებიც მცენარეული ცხიმის ან ზეთის ამოღების შედეგად მიიღება. მათი წილი ევროკავშირში უკრაინიდან კვების მრეწველობის ნარჩენების მთლიან მიწოდებაში 71%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე მხოლოდ სოიოს ზეთის მოპოვებით მიღებული ნარჩენებია, რომლის წილმაც მთლიან მიწოდებაში 23% შეადგინა.
****
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი ნომრებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388.
****
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა-შესწავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილე მხარეებისგან არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება.
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განაცხადებით, გაზრდილი პოლარიზაციის პირობებში აპარატის მიმართ დიდი მოლოდინებია, რომელიც მიუხედავად შეზღუდული მანდატისა და რესურსებისა, მზად არის მოიკვლიოს და შეისწავლოს ყველა მოპოვებული ინფორმაცია.
ასევე აღნიშნა აპარატის რეგიონული წარმომადგენლობების მზადყოფნა წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დროს უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების კუთხით.
****
პროფკავშირების გაერთიანების პოზიციების გათვალისწინებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტი საქართველოს მთავრობას ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების კუთხით არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს სოციალური პარტნიორების საშუალებით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და მიღებული რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება მანამ, სანამ ამ მიმართულებით ვალდებულებები ქვეყნის მიერ სრულად არ შესრულდება.
რეზოლუცია კომიტეტმა 2024 წლის 13 ივნისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 112-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ანგარიშგების და ინიციატივის საფუძველზე მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.