სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის – საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება – ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში რუსულ ინტერესს ატარებდა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა „რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და ვისი პოლიტიკის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები“.
****
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა,
როგორც ჰარისი წერილში აღნიშნავს, “პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პარლამენტის მიერ “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან”.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებითვე, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას -უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში.
****
რომელი ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელმაც ოპოზიციურ სპექტრს ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესთავაზა – პრეზიდენტმა პარტიებს ქართული ქარტია წარუდგინა.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ, ისინი ტექნიკურ მთავრობას შექმნიან, გააუქმებენ გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონებს. იმუშავებენ რეფორმებზე, რის მერეც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ.
ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უკვე თქვა, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერს.
****
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში (სახიფათო და შეუძლებელი ტური)-საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მაღალ რეიტინგულმა სამოგზაურო არხმა 36 წუთიანი ფილმი მოამზადა.
გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა.
„ცნობილმა „იუთუბერებმა“ სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა ექსტრემალურ ტურში მიიღეს, გადაიღეს: უშგული, ომალო, ბოჭორნა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები. ვიდეოში ნაჩვენებია სვანეთისა და თუშეთის ბუნება, კულტურა, ტრადიციები და ადგილობრივი კერძები.
****
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ.
კერძოდ, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
ამასთან, აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დაგეგმილია ხვალ, 12:00 საათზეც, პლენ-არული სხდომის პარალელურად, მაშინ როდესაც, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.
****
საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
„შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ, დააზიანა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (საქართველოს საზღვრიდან 3 კილომეტრში), რის გამოც, სრულად შეჩერებული იყო, სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი.
****
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის სანქციების ახალი რეჟიმი შემოიღო.
თავდაპირველად სურდათ, სანქციები ახალი რეჟიმისთვის კოლონიაში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სახელობის ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ ეს სანქციები კონკრეტულ პიროვნებასთან არ დაეკავშირებინა.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ცალკეული სანქციების რეჟიმი მიზნად ისახავს ლეგალური საფუძვლის შექმნას ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებაში პასუხისმგებელი პირების დასჯისთვის.