მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი რესპოდენტი Food ბლოგერი ქეთი ხმალაძეა, თქვენთვის კარგად ცნობილი გვერდის Kate’s Gastro Page-ის ავტორი…
ქეთი გვიზიარებს სააღდგომო პასკის რეცეპტს. ასევე გვიზიარებს საკუთარ სააღდგომო სუფრას და დამწყებ Food bloger -ებსაც საკმაოდ საგულისხმო რჩევებს აძლევს. ყველაფერს ამას ინტერვიუდან ვრცლად შეიტყობთ:
-გაეცანით ჩვენს მკითხველს…
– მოგესალმებით გახლავართ ქეთი ხმალაძე 40 წლის. პროფესიით ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ მექანიკურ საამქროში.
აგრეთვე, გახლავართ მოყვარული კულინარი, Food ბლოგერი და კულინარიული გვერდის Kate’s Gastro page შემქმნელი და ჯგუფ კულინარიუმის ადმინი.
– საიდან დაიწყო თქვენი დაინტერესება კულინარიით?
– ზოგადად, სამზარეულოში ფუსფუსი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ყოველივე ეს ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა ე.წ. კოვიდპანდემიის პერიოდში.
სწორედ იმ პერიოდში გავწევრიანდი სხვადასხვა კულინარიულ ჯგუფში.
– საოცარი პროფესიონალიზმით უძღვებით ბლოგს, რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?
– მადლობას გიხდით. უზომოდ მიყვარს ჩემი ბლოგი. მიყვარს ჩემი გამომწერები, სწორედ მათი აქტიურობა, ერთგულება, თბილი სიტყვები და უკუკავშირი მაძლევს სტიმულს მეტიდამეტი საჭირო და საინტერესო რეცეპტი მივაწოდო მათ. ჩემს ბლოგს აქვს საოცარი აურა, რომელსაც ქმნიან ჩემი გვერდის მომწონებლები.
– არის ინგრედიენტი, რომელსაც არ იყენებთ არასდროს? – რატომ?
– მოდი, ასე გეტყვით, არ ვიყენებ ფრინველის ხორცს. ვინაიდან ოჯახში, არ ვჭამთ ფრინველს.
– გთხოვთ, გაგვიზიაროთ სააღდგომო პასკის რეცეპტი…
– სიამოვნებით გაგიზიარებთ:
პასკა
ვისაც ერთხელ მაინც უცდია, ამ რეცეპტით მომზადება, იციან, რა საოცარ გემოებთან აქვთ საქმე.
თუ მოგწონთ მძიმე და ნოტიო პასკა, ბევრი ქიშმიშით, სურნელოვანი დაბალანსებული გემო, რომელშიც არც ერთი სუნელი ,,არ ყვირის” და თანაბრად შემოდის გემოები, მაშინ ჩაინიშნეთ.
რეცეპტი საკმაოდ შრომატევადია, მოითხოვს ძალისხმევას და მონდომებას, მაგრამ ნამდვილად ღირს.
ალბათ ხშირად წაგიკითხავთ, ან მოგისმენიათ რომ, ცომი არ ამოდის. ორი უმთავრესი მიზეზია ცომის ვერ ამოსვლის:
1. საფუარის ვადა
2. ცომის გაციება.
ამიტომ, ვიდრე მზადებას დაიწყებთ, დარწმუნდით რომ საფუარი ნამდვილად ახალია. რაც შეეხება გაციებულ ცომს, სხვადასხვა მეთოდებით შეგვიძლია ვუშველოთ:
1. თავიდან მოვამზადოთ საფუარიანი მასა და გადავზილოთ ცომი, შემდეგ თავიდან შევფუთოთ, დავდგათ სითბოში და დაველოდოთ ამოსვლას.
2. ცომი, შეგვიძლია მოვათავსოთ 50 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ ამოფუვდება.
3. ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით რომ, ამ ცომს განსაკუთრებულად უხდება მზის სხივები, ამიტომ თუ ამინდში გაგვიმართლებს, ცომის თასი ისე მოათავსეთ რომ მზის სხივები ეცემოდეს ზედ.
4. ალბათ ხშირად გაგიგონიათ, მაცივარში ცომის ამოფუების შესახებ.დიახ ეს ერთ-ერთი მეთოდია, მაგრამ გააჩნია რეცეპტს. ამ ცომს უხდება სითბო და კიდევ ერთი გაითვალისწინეთ: სითბოსა და სიცივეში ამოსულ ცომს, განსხვავებული გემო აქვს.
რჩევას მოგცემთ:
თავდაპირველად გაააქტიურეთ საფუარი, შემდეგ მოამზადეთ გოგლიმოგლი და ბეზე, ხოლო ბოლოსთვის შემოინახეთ ცხელ რძეში ცხიმის გახსნა. როცა გამზადებულ ინგრედიენტებს გადაურევთ ფქვილთან ამ დროს ცხიმიან რძეს ისევ ექნება შენარჩუნებული სითბო, რაც ცომის ამოსაფუებლად ძალიან კარგია.
ინგრედიენტები:
✅️10 ცალი კვერცხი, ოთახის ტემპერატურის 0კატეგორია (თუ სოფლის მომცრო ზომის კვერცხი გაქვთ 14-15 ცალი გამოიყენეთ)
✅️შაქარი- 1.300
✅️3 კილო ფქვილი ( გამოიყენეთ ის ფქვილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ტკბილ ცომში.
(წელს ვიყენებ პროგრესს.)
✅️მშრალი საფუარი-40გრ. (4ს.კ)
( ზოგადად, 3კილო ფქვილზე 30გრ. საფუარიც საკმარისია, მაგრამ რადგან საქმე გვაქვს მძიმე და განსხვავებული სტრუქტურის ცომთან მივაშველოთ 40გრამი. თუ მაინც გებევრებათ მაშინ გაუკეთეთ 30 გრამი.)
✅️1 ლიტრი რძე
✅️500გრ. კარაქი
✅️1 ჭიქა ზეთი (250გრამიანი ჭიქა სავსე)
✅️ვანილი-2 შეკვრა. ან ვანილის პასტა 2 ს.კ.
✅️600 გრ.ქიშმიში ( თეთრი, ყავისფერი და შავი ერთად)
✅️1 ცალი ლიმონის ცედრა (თეთრი ნაწილები არ შეაყოლოთ)
✅️ილი, მუსკატი- 1ჩ.კ. არაგადავსებული
ხოლო, მიხაკი და დარიჩინი- გემოვნებით (ნახევარ-ნახევარი ჩ.კ საკმარისია)
თუ ნამდვილი შაფრანი გაქვთ, 1/3 ჩ.კ. გახსენით შემთბარ მცირეოდენ რძეში, ცომის მოზელამდე 2 საათით ადრე.
ცომს , ასევე ვამატებთ ე.წ. პასკის ნაყენს 4-5 სუფრის კოვზს და ციტრუსის ზეთს 2-3ს.კ.
მომზადება: ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 4 სუფრის კოვზი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, გადააფარეთ თავზე და მოათავსეთ სითბოში, ველოდებით მის გააქტიურებას (უნდა მოიმატოს ზომაში და თავზე სქელი ქაფისებრი მასა მოიყენოს)
მეორე ნახევარ ლიტრ, ცხელ რძეში გახსენით ცხიმი- კარაქი და ნახევარი ჭიქა ზეთი.
ცალკე, კვერცხის ცილა ამოიყვანეთ კარგად 1ჩ.კ. მარილთან ერთად. (ოთახის ტემპერატურაზე კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 ს.კ.შაქარი.
კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს. დაუმატეთ ვანილი, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.
ცალკე, დიდ თასზე დაყარეთ 3 კგ ფქვილი, დაასხით საფუარიანი და ცხიმიანი რძე, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერციანი მასა. დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და მოზილეთ ცომი. ნახევარი საათი მაინც მოანდომეთ ცომის მოზელას. ცოტათი შრომატევადი პროცესია, მაგრამ აუცილებელი. ცომს ამოსასვლელად რამდენიმე საათი სჭირდება. ღამით მოზილეთ, შეფუთეთ კარგად თბილად და დილით უკვე მზად იქნება, ღამე ჩაზელვა არ სჭირდება.დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, კონიაკში გაჩერებული სუნელის ნაყენი , ციტრუსის ზეთი და ლიმონის ცედრა. მე მომწონს დამატებით ახლადდაფქული სანელებლების დამატებაც. თქვენ შეგიძლიათ აღარ დაამატოთ.
გამოდის 7-7.5კგ. ცომი.
ცომის პატარა გუნდები ზეთიანი ხელით კარგად დავამუშავე, მოვაგუნდავე და გადავიტანე ფორმებში 1/3 ზე.ფორმაში ცომი გააჩერეთ 6 საათის განმავლობაში. შემდეგ შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. პასკებს მჭიდროდ ნუ დაალაგებთ, რათა ცხელი ჰაერი თანაბრად განაწილდეს და გვერდები არ დარჩეს თეთრი.
ვაცხვე ზედა-ქვედა წვით. ცხობას დასჭირდა დაახლოებით 50 წუთი. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. თუ შეატყობთ რომ პასკების თავი იბრაწება, მაგრამ მათ სრულ მზაობამდე ჯერ ადრეა და ცხობა სჭირდებათ, თავზე გადააფარეთ ფოლგა. როცა გამოცხვება, შეგრილდეს და შემდეგ გადმოსვით ფორმებიდან.
–როგორ გამოიყურება თქვენი სააღდგომო სუფრა?
– ჩემი სააღდგომო სუფრა ასე გამოიყურება: ბრწყინვალე აღდგომის მთავარი სიმბოლო წითელი კვერცხი, პასკა, კრაფინი , იმერული ხაჭაპური და ა.შ სურვილის მიხედვით.
რა თქმა უნდა, სუფრას ახლავს კარგი ღვინოც.
-ურჩიეთ რამე დამწყებ food bloger-ებს…
– დამწყებ food bloger- ებს ვურჩევ – სიყვარულით მართონ თავისი ბლოგი. მკითხველი ყოველთვის გრძნობს თქვენს დამოკიდებულებას. აუცილებელია უკუკავშირი. თქვენ მიერ გამოქვეყნებულ რეცეპტს ყოველთვის მოჰყვება შეკითხვები… იყავით ყურადღებით, ნუ დაიზარებთ, გულწრფელად და გულით უპასუხოთ.
-დიდი მადლობა, ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!
ავტორი: თამარ ფიცხელაური
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim