სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მოხარული ვარ, ჩვენს საზოგადოებას მივულოცო "ვეფხისტყაოსნის" ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის, - სამზითვო წიგნის...

„მოხარული ვარ, ჩვენს საზოგადოებას მივულოცო “ვეფხისტყაოსნის” ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის, – სამზითვო წიგნის და ჩვენს თანამედროვეთა ხელნაწერის სახით რუსთაველის უკვდავი პოემის წარდგენა“ – ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲐᲗᲝᲚᲘᲙᲝᲡ-ᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲘᲡ ᲛᲘᲚᲝᲪᲕᲐ “ᲕᲔᲤᲮᲘᲡᲢᲧᲐᲝᲡᲜᲘᲡ” ᲒᲐᲛᲝᲪᲔᲛᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ

ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲐᲗᲝᲚᲘᲙᲝᲡ-ᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲘᲡ ᲛᲘᲚᲝᲪᲕᲐ “ᲕᲔᲤᲮᲘᲡᲢᲧᲐᲝᲡᲜᲘᲡ” ᲒᲐᲛᲝᲪᲔᲛᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ
“მოხარული ვარ, ჩვენს საზოგადოებას მივულოცო “ვეფხისტყაოსნის” ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის, – სამზითვო წიგნის და ჩვენს თანამედროვეთა ხელნაწერის სახით რუსთაველის უკვდავი პოემის წარდგენა.
ორივე ამ გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საუკუნოვანი ტრადიციის აღდგენაა, ბ-ნ გურამ ახალაიას მიერ ფრიად ორიგინალურად და შთამბეჭდავად ხორცშესხმული.
მან გააცოცხლა “ვეფხისტყაოსნის” სამზითვო-სასაჩუქრე დანიშნულება, რითაც, პირველ რიგში, ახლადშექმნილი ოჯახებისთვის და მათი შთამომავლებისთვის ამ პოემის განსაკუთრებული ღირებულება წარმოაჩინა; ამასთან, “ვეფხისტყაოსნის” ეს გამოცემა ორიგინალური და ყველასთვის სასურველი გახდა საყოველთაოდ აღიარებული მხატვრის, ბ-ნ ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციების გამოყენებითაც.
რაც შეეხება ხელნაწერ “ვეფხისტყაოსანს”, რომლის გადაწერასა და გამშვენებაშიც ჩვენი დროის ასობით გამოჩენილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვიტყვი, რომ იგი, მართლაც, უნიკალურია.
ეს არის საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული წიგნი, რომლის თითოეულ სტროფში ყოველმა გადამწერმა და მხატვარმა დიდი რუსთაველისადმი თავისი სიყვარული, პატივისცემა და მოკრძალება ჩააქსოვა. ეს გრძნობა არ გვტოვებს იმის მიუხედავად, ხელნაწერი ცოცხალ პიროვნებებს ეკუთვნის, თუ – აწ უკვე გარდაცვლილთ.
მართალია, წიგნმა ვერ მოიცვა თანამედროვე ღირსეულ ადამიანთა სისავსე, მაგრამ ფაქტია, ასეთი იდეის განხორციელება ფრიად შრომატევადი საქმეა და მხოლოდ “ვეფხისტყაოსანზე” უსაზღვროდ შეყვარებულ პიროვნებებს შეეძლოთ ეს რეალობად ექციათ. ვულოცავთ.
და ბოლოს, ვიცი, რომ ბ-ნ გურამს და სხვა ადამიანებსაც აქვთ დიდი სურვილი, თბილისში გაიხსნას ,,ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი, რათა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ასევე, ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ (მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით) და სათანადოდ დააფასონ მსოფლიო მნიშვნელობის ეს შედევრი.
ჩვენი საერო კულტურის გვირგვინს – “ვეფხისტყაოსანს” ეს პატივი ნამდვილად ეკუთვნის.
ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული წიგნების გამოცემაში; ვინც აფასებს შოთა რუსთაველს და, საერთოდ, ქართულ კულტურას და იღვწის მისი განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილში

 

  რას გეგმავს მერია "თბილისობაზე"?

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი