მოსავლიანი ღობეები
ვიდრე თქვენს ბაღს ღობედ ქაცვის ნარგავებს შემოავლებთ, და საერთოდაც ქაცვის კულტურის გასაშენებლად, აუცილებელია დაიცვათ ერთი პირობა – უნდა გქონდეთ სარწყავი წყალი უშუალოდ ნაკვეთში ან მის სიახლოვეს.
ქაცვი, საუკეთესო საკვები და სამკურნალო მცენარე, მეტწილად მდინარეთა ნაპირებზე, უმთავრესად ივრის ჭალებში იზრდება. ხარობს აგრეთვე როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ზღვის პირიდან დაწყებული – მთაშიც, ზღვის დონიდან 2100მ სიმაღლეზე. კარგად იტანს როგორც სიცხეს, ისე ზამთრის მკაცრ ყინვებსაც. ძირითადად ტენიანი ადგილების მცენარეა, მაგრამ ხშირად მშრალ ფერდობებზეც გვხვდება.
ერთი ბუჩქის მოსავალი მერყეობს 7-დან 16კგ-მდე. ნაყოფი ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. შეიცავს: B1, B2, B6, E, A და F ვიტამინებს. ვიტამინებით მდიდარია ასევე ქაცვის თესლიც. ამიტომაც ქაცვის ნაყოფი იხმარება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდ.
ქაცვის ნაყოფის შეგროვების ყველაზე ადვილი მეთოდია ყინვების დროს ბუჩქის ძირში ბრეზენტის დაფენა და ჩამობერტყვა.
მაყვლის ღობე.
მაყვლის ღობე საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და ძვირფასი ნაყოფის მომცემია. ამ, გასამრავლებლად ადვილი, კულტურის სანერგე მასალის მოპოვება ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში შეიძლება. მრავლდება ბუჩქის დაყოფით და გადაწვენით. ერთხელ გადარგული ბუჩქი ძლიერდება და დიდ ფართობსაც იკავებს, ამიტომ მებაღემ თვითონ უნდა მისცეს ბუჩქს მიმართულება.
შემოღობეთ მაყვლის ბუჩქებით თქვენი კარ-მიდამო, ამით თქვენს მამულსაც დაიცავთ და საკუთარ ჯანმრთელობასაც.
კუნელის ღობე.
მშვენიერი სანახავია თეთრი, ქათქათა ყვავილებით გადაპენტილი კუნელი გაზაფხულზე და უფრო ლამაზია მწვანე ფოთლებში მოელვარე წითელნაყოფიანი კუნწულები შემოდგომით. მთავარი ის გახლავთ, რომ კუნელის ყვავილი, ნაყოფი და ფოთოლიც შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. კუნელი წარმატებით გამოიყენება მედიცინაში.
ნაყოფი შეიცავს: შაქრებს, სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს, C ვიტამინს, კაროტინს, საპონინებს, გლიკოზიდებს, პექტინებს, ცხიმოვან ზეთს.
ყვავილები მდიდარია ორგანული მჟავებით და ეთერზეთებით.
ფოთლები შეიცავს ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს.
კუნელზე დამზადებული პრეპარატები გამოიყენება გულის სისუსტის, არითმიის, ასთმის, ანგიონევროზის, ჰიპერტონიული დაავადების, უძილობის, ნერვული აღგზნებადობის, ქოშინისა და ხველების სამკურნალოდ.
ასკილის ღობე.
თქვენს ნაკვეთს ძალიან გაალამაზებს დეკორატიული ასკილის ღობე, რომელიც ამავდროულად შეუვალიცაა და მოსავლიანიც. ოღონდ შეღობვა ჯერ უნდა დაიწყოთ მავთულის ბადით, რათა ცოცხალი ღობის გაზრდამდე ნაკვეთი იყოს დაცული. ასკილის ბუჩქის გამრავლება შეიძლება როგორც კალმებით, ისე თესლითა და ბუჩქის დაყოფით. ეს უკანასკნელი მეთოდი ყველაზე ადვილია: ერთერთი ბუჩქიდან მიიღებთ 5-6 ნერგს. თუ მთლიანად ასკილით ვერ შემოღობავთ, შეგიძლიათ სხვა მცენარეებთან ერთად დარგოთ (მაგალითად, მაყვალი, ქაცვი და ა.შ.).
ასკილი ერთ-ერთი იმ საჩუქართაგანია, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, როგორც უძვირფასესი სამკურნალო მცენარე. ასკილი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს. ძველი ბერძნები ასკილს მოიხსენიებდნენ `ძაღლის ვარდის~ სახელით, რადგან მას თვლიდნენ ძაღლის ნაკბენის საწინააღმდეგო უებარ საშუალებად. რუსეთში XVI-XVII საუკუნეებში ასკილის ნაყოფი ოქროზე ძვირად ფასობდა, სამკურნალო დანიშნულებით გაიცემოდა სპეციალური უფლების საფუძველზე, თანაც მხოლოდ წარჩინებული, დიდგვაროვანი ავადმყოფების სამკურნალოდ. ასკილის ნაყოფი იცვლებოდა ხავერდის, ატლასის ქსოვილებზე და სიასამურის ბეწვზე. გლეხებს დანაშაულად ეთვლებოდათ მისი კრეფა. ასკილის მოსაკრეფად იგზავნებოდა სპეციალური ექსპედიციები. სამკურნალო წამლად გამოიყენება ასკილის ნაყოფი, თესლი, ყვავილები, ფოთლები და ფესვი. ყველა სახეობის ასკილის ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილების ერთობლიობა წარმოადგენს ბუნებრივ პოლივიტამინებს. ნაყოფის გამოყენება როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით ყველას შეუძლია შინაურ პირობებში. გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, ასკილი წარმატებით გამოიყენება კულინარიაშიც. მისგან ამზადებენ კანფეტებს, დრაჟეს, მარმელადს, პასტილას, სიროფს, რომელიც თავის თვისებებს ინარჩუნებს წლობით.
იკრიფება მწიფე და არა გადამწიფებული ნაყოფი. ყინვადაკრული ნაყოფი კარგავს ვიტამინებს. აშრობენ ღუმელებში 80-90ºჩ ტემპერატურაზე, ინახავენ ქსოვილის პარკებში ან ჯვალოს ტომრებში. შენახვის ვადა 2 წელია.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)