მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც ძალიან ახალგაზრდა – 29 წლისა დაიღუპა, მარად ახალგაზრდად დარჩა საყვარელი მაყურებლისთვის. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მას უამრავი თაყვანისცმემელი ჰყავდა. როცა აფხაზეთის ომიდან მისი ცხედარი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა – “ლევან, მიყვარხარ”, მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: “მე უფრო ძაან მიყვარხარ”, ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა – “მე ყველაზე ძაან მიყვარხარ”, და ბოლო წარწერა იყო: “არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ…“
ლევანის დაღუპვა უდიდესი დარტყმა იყო მისი ოჯახისთვის. ასე იხსენებს იმ პერიოდს ლევანის დედა:
“ლევანის დაღუპვის შემდეგ მამამისმა აგიმ მეტყველება დაკარგა, ხელ-ფეხიც წაერთვა და ეტლით გადაადგილდებოდა. მე საწოლიდან კარგა ხანს ვერ ვდგებოდი. მერე ელენე, ჩემი შვილიშვილი (უფროსი ვაჟის – ერეკლეს შვილი) მომიყვანეს და იმან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ლევანის ორმოცამდე ხილვა მქონდა: ვარდისფერი ცა, მრგვალი მიწა. ვდგავარ, უცებ ლევანი მომიახლოვდა ფეხშიშველი, იმავე ტანსაცმლით, რითაც ომში წავიდა და მეუბნება: “დედა, კარგად, კარგად…” მე შიშველი ფეხები და ყელი დავუკოცნე ჩემს შვილს და ის სიმხურვალე, მისი სითბო გამომყვა. მერე ლევანი ზევით წავიდა… უბედნიერესი ვიყავი… მას შემდეგ აღარც კი დამსიზმრებია შვილი… ჩაიკოვსკის ქუჩაზე გადავწყვიტეთ პანაშვიდების გადახდა. უამრავი ხალხი მოდიოდა, მთელი თბილისი.
ცუდი დრო იყო – 1992 წელი, პურიც კი არ იშოვებოდა. მაღაზიაში ვიღაც ქალი მინახავდა ერთ პურს და საღამოს ჩემთან მოჰქონდა, რომ მეჭამა. ისტორიის ინსტიტუტში ვმუშაობდი… იქ სიარულზეც უარი ვთქვი… ერთი წლის შემდეგ თანამშრომლებმა და მეგობრებმა ძალით წამიყვანეს სამსახურში…”
ელენე, ლევანის ძმიშვილი, რომელიც ძირითადად ბებიასთან გაიზარდა, ძალიან ჰგავს ცნობილ ბიძას. წლების წინ ის საზოგადოებამ გაიცნო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში.
ელენე 1987 წელსაა დაბადებული. 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 2012-2014 წლებში – გოლდსმიტში, ლონდონის უნივერსიტეტში, სწავლობდა. 2014 წლიდან ხელოვნების დამოუკიდებელი კურატორი იყო. ნახეთ ფოტოები
მასალის გამოყენების პირობები