ხეები ფულს არ ისხამს, მაგრამ ოქრო მათზე ნამდვილად შეიძლება დაგროვდეს.
კერძოდ, ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ლაპლანდიაში მდებარე ნაძვები შეისწავლეს, რომელთა წიწვებშიც სწორედ ოქროს ნანონაწილაკები გვხვდება. მათ ეს ფენომენი ბაქტერიებთან დააკავშირეს.
მცენარეთა ქსოვილებში მცირე ოდენობით ლითონები შეიძლება ბიომინერალიზაციის სახელით ცნობილმა პროცესმა წარმოქმნას. ამ დროს მიკრობები და ჟანგვითი რეაქცია ლითონთა იონებს მიწიდან ღეროებისკენ და ფოთლებისკენ უბიძგებს; გამონაკლისი არც ოქროა. მაგალითად, ის ავსტრალიაში გავრცელებულ ევკალიპტებშიც შეინიშნება, რადგან მათი ფესვები მეტალებით მდიდარ ფენებშია გადგმული.
ამის მიუხედავად, ბიომინერალიზაციის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველია. მეტის გასაგებად ფინეთის ოულუს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ჩვეულებრივი ნაძვების (Picea abies) 138 წიწვის ნიმუში გააანალიზეს. ისინი ლაპლანდიის რეგიონში არსებული კიტილიის ოქროს მაღაროს მახლობლად მოიპოვეს, ქვეყნის ჩრდილოეთში.
4 ხის წიწვებში ოქროს ნანონაწილაკები აღმოჩნდა, რომლებიც ბაქტერიული ბიომატერიით იყო გარემოცული. დნმ-ის გამოკვლევამ ცხადყო, რომ ნიმუშებში განსაკუთრებულად მრავლად იყო შემდეგი მიკრობული ჯგუფები: P3OB-42, კუტიბაქტერიები და კორინებაქტერიები. ისინი ოქროს დაგროვებაში მთავარ როლს უნდა ასრულებდნენ.
“ჩვენი უკანასკნელი კვლევა პირველადი სახის მტკიცებულებას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდება ოქრო ყლორტებში და როგორ ფორმირდება მისი ნანონაწილაკები წიწვებში. მიწაში ოქრო ხსნად, თხევად მდგომარეობაშია. შემდეგ ის წყლის მეშვეობით ნაძვის წიწვებამდე აღწევს, სადაც მცენარის მიკრობები მას მყარ, ნანო ზომის ნაწილაკებად გარდაქმნიან”, — აცხადებენ ავტორები.
თუ ფინეთში ნაძვებიდან ოქროს მოსაპოვებლად ემზადებით, გეტყვით, რომ ეს ნაწილაკები მხოლოდ რამდენიმე ნანომეტრი (მეტრის მემილიარდედი) ზომისაა, ანუ ისინი ძალიან პატარაა. სამაგიეროდ, სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი ხეები შეიძლება ახალი საბადოების აღმოჩენაში დაგვეხმაროს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Environmental Microbiome გამოქვეყნდა.
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


