ცნობილია, რომ ხორცით ძლიერ გაჯერებული კვების რაციონი არც პლანეტისთვის არის კარგი და არც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რას იტყვით ხორცით კვების უფრო მდგრად გზაზე გადასვლაზე? რას ფიქრობთ ამჟამინდელი რამდენიმე ვარიანტის პითონის ხორცით ჩანაცვლებაზე?
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შეაფასა პითონების კომერციული მასშტაბით მოშენების შესაძლებლობა და ამის გარემოზე ზემოქმედების ფასი; რა თქმა უნდა, ტრადიციულ მესაქონლეობასთან შედარებით.
შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა — გველები სწრაფად იზრდებიან, შიმშილის პირობებშიც კი და იძლევიან საკმაო ოდენობის ხორცს მოხმარებულ საკვებთან შედარებით (რომელშიც შედის ქათმები და მღრღნელები). მათი კვება ასევე შესაძლებელია ხორცის სხვა ინდუსტრიების ნარჩენი ცილებით.
გველის ხორცზე დამოკიდებულებას კიდევ ერთი უჩვეულო უპირატესობა აქვს.
„მეტაბოლური პროცესების რეგულირებისთვისა და სხეულის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, პითონებს შიმშილობის უნარი აქვთ, რაც ზრდის საკვების უსაფრთხოებას არამდგრად გარემოში. ეს კი მიუთითებს, რომ პითონების მეურნეობამ შეიძლება მოქნილი და ეფექტიანი პასუხი შემოგვთავაზოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების არარსებობის მიმართ“, — წერენ ავსტრალიის მაკუორის უნივერსიტეტის ჰერპეტოლოგი დენიელ ნატუში და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.
ჯგუფმა პითონის ორი სახეობა მიმოიხილა — ბადისებრი პითონი (Malayopython reticulatus) და ბირმული პითონი (Python bivittatus). მათ ტაილანდისა და ვიეტნამის ფერმებში 12 თვის განმავლობაში ზრდიდნენ, შემდეგ კი ჰუმანურად დახოცეს.
დადგინდა, რომ პითონების მიერ მოხმარებული საკვების პროპორცია წარმოებულ ხორცთან მიმართებაში (დაბალი რიცხვი ნიშნავს უფრო მაღალეფექტიანობას) 1,2 იყო; ეს მაჩვენებელი ორაგულის შემთხვევაში არის 1,5, ფრინველის ხორცის 2,8, ღორის ხორცის 6 და ძროხის ხორცის 10.
გველებს რამდენიმე თვის განმავლობაში შიმშილობა შეუძლიათ, თანაც ისე, რომ სხეულის მასა არ დაკარგონ. ამის გამო, მათი მოშენება იდეალურია იქ, სადაც საკვები და წყალი გარანტირებული არ არის. სამწუხაროდ, ასეთი ადგილების რაოდენობა პლანეტაზე სულ უფრო იზრდება.
„ჩვენი კვლევა ადასტურებს წინა ნაშრომს, რომლის მიხედვითაც, ბიოლოგიურად და ეკონომიკურად შესაძლებელია პითონების მოშენება და გაზრდა ტყვეობაში, კომერციული მასშტაბებით“, — წერენ მკვლევრები.
პითონის ხორცს სუპერმარკეტებში ხვალვე ვერ ნახავთ, იქამდე ჯერ შორია, მაგრამ ამ კვლევის შედეგები წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყვნენ ეს ცხოველები საკვების წყაროდ, თანაც საიმედო და ეკომეგობრული.
გადასალახია გარკვეული სირთულეები: გველების კვება შრომატევადია და ჯერ არ არსებობს მათი სამეურნეო დანიშნულებით მოშენების ინფრასტრუქტურა. საკითხავია ისიც, უნდა ვჭამოთ თუ არა მათი ხორცი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნატუში და მისი ჯგუფი აცნობიერებს, რომ მათი იდეა დიდხანს ვერ განხორციელდება. ამას გარდა, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევაში არ განუხილავთ — როგორი გემო აქვს პითონის ხორცს.
„პითონების ბიოლოგიური და სამეურნეო საჭიროებები ცუდად არის შესწავლილი. იმ ზოგადი შიშის გათვალისწინებით, რაც ადამიანებს გველებისადმი აქვთ, ალბათ დრო იქნება საჭირო, ვიდრე პითონების სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი გლობალური მასშტაბით რეალიზდება“, — წერენ მკვლევრები. წყარო
მასალის გამოყენების პირობები