თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი C130 ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი საქართველოში ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციას თურქული და ქართული მხარეები ერთობლივად აწარმოებენ.
ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.
მომხდარზე ოფიციალლლური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


