თბილისის ბოტანიკური ბაღი – იასამნის ბაღი, ანუ სირინგარიუმი, სადაც 100-მდე ჯიშის იასამანი ხარობს.
საკურას შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამანი აყვავდა. 50 წელზე მეტია, რაც რეკრეაციულ ზონაში იასამნის საკოლექციო ნაკვეთი, ე. წ. სირინგარიუმია მოწყობილი. ამ მონაკვეთში იასამნის 75 ჯიში გვხვდება, რომლებიც ერთმანეთისგან ყვავილის სიდიდით, ფორმით, შეფერილობითა და ყვავილობის ვადებით განსხვავდებიან.
იასამნების საკოლექციო ნაკვეთი ბაღის ცენტრალური შემოსასვლელიდან 1,1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
იასამნის ჯიშების ყვავილობა აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება, ყვავილობის ხანგრძლივობა კი 10-18 დღეა. ძლიერი და ამავე დროს ნაზი სურნელების კოკრებისა და ყვავილების შეფერილობა მრავალგვარია – ქათქათა თეთრიდან მეწამულამდე და მუქ იისფერამდე.