ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებითავდასხმა ქვეყნის მეთაურებზე: 21-ე საუკუნის გახმაურებული ტერაქტები

თავდასხმა ქვეყნის მეთაურებზე: 21-ე საუკუნის გახმაურებული ტერაქტები

2024 წლის 15 მაისს, სლოვაკეთის ქალაქ ჰანდლოვაში თავდასხმა განხორციელდა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე. თავდამსხმელმა, რომელიც პოლიციამ ადგილზე დააკავა, რამდენიმე გასროლით დაჭრა პრემიერი თავში, მუცლისა და გულმკერდის არეში. მართალია, 71 წლის მწერალმა იურაი ცინტულამ თავდასხმა პირადი მოტივებით ახსნა, მაგრამ გამოითქვა ვარაუდი, რომ ცინტულა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ  ფიცოს პოლიტიკური ოპონენტების დაკვეთით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, ახალ ასწლეულში ერთი-ორად გახშირდა ქვეყნის მეთაურებზე თავდასხმის შემთხვევები, რომელთაც ზოგჯერ შეშლილი ფანატიკოსები, თუმცა მეტწილად მაინც სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეები ახორციელებენ პროფესიონალი მკვლელებისა და ტერორისტული ჯგუფების დაქირავებით.

ჰამიდ ქარზაი – თავდასხმების „რეკორდსმენი“

პირველი თავდასხმა ავღანეთის პრეზიდენტზე, ჰამიდ ქარზაიზე 2002 წლის 5 სექტემბერს განხორციელდა. დაქირავებულმა მკვლელმა აბდულ რაჰმანიმ, რომელიც რამდენიმე დღით ადრე შეუერთდა ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის დაცვის სამსახურს, ოთხჯერ ესროლა პრეზიდენტის ავტომობილს, თუმცა ქარზაი მხოლოდ დააფრთხო, გუბერნატორი კი, მსუბუქად დაჭრა კისერში.

მორიგ ტერაქტს ქარზაი 2004 წლის 25 აპრილს გადაურჩა, როცა ყანდაარის პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა პრეზიდენტის კორტეჟისთვის გამზადებული ასაფეთქებლით, რამდენიმე თვის შემდეგ, 29 ივლისს კი, სამართალდამცველებმა ქაბულში აღმოაჩინეს ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელთა საერთო სიმძლავრემ დაახლოებით 50 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა. ოფიციალური ვერსიით ტერორისტები პრეზიდენტის კორტეჟის აფეთქებას გეგმავდნენ, როცა ის საზოგადოებრივ საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებოდა უახლოესი თანამებრძოლის, 2 წლით ადრე მოკლული აბდულ კადირისთვის პატივის მისაგებად.

თავდასხმა განხორციელდა 2004 წლის 16 სექტემბერს ქალაქ გარდეზშიც, სადაც ქარზაი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გეგმავდა ჩასვლას და ახალი გზის გახსნას. თუმცა, ვერტმფრენის დაშვებისას მისი მიმართულებით რაკეტა იქნა გაშვებული, რომელმაც ჯერ პრეზიდენტის შესახვედრად შეკრებილ ადამიანებს, მერე სკოლას გადაუფრინა და საცხოვრებელ სახლთან, ვერტმფრენის დაშვების ადგილიდან 300 მეტრში აფეთქდა, რამაც პრეზიდენტის დაცვას ვიზიტის გადადება და ქაბულში დაბრუნება აიძულა. უკანასკნელი თავდასხმა ქარზაიზე 2008 წლის 27 აპრილს განხორციელდა თალიბების მიერ, რომელთაც სამხედრო აღლუმზე სცადეს პრეზიდენტის ლიკვიდაცია, თუმცა მის ნაცვლად რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლეს.

მარცხიანი ტერაქტები

ირანის პრეზიდენტზე მაჰმუდ აჰმადინეჯადზე 2010 წლის 4 აგვისტოს, ქალაქ ჰამადანში განხორციელდა თავდასხმა, როცა უცნობმა ბომბი ესროლა პრეზიდენტის კორტეჟს, თუმცა მხოლოდ მისი თანმხლები ჟურნალისტების ავტომობილი დააზიანა, 2012 წლის 2 ოქტომბერს კი, ფინეთის ქალაქ ტურკუში სცადა უცნობმა მამაკაცმა პრემიერ-მინისტრის, იურკი კატაინენის დაჭრა, თუმცა ახლოს მისულს დანა გაუვარდა ხელიდან.

2022 წლის პირველ სექტემბერს მარტოხელა ტერორისტმა, ბრაზილიელმა ფერნანდო ანდრეს საბაგ მონტელმა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტთან კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერთან მოინდომა გასწორება, როცა ავტომობილიდან გადმოსული კირშნერი მომხრეებთან გასაუბრების შემდეგ დაიძრა საკუთარი სახლისკენ. თავდამსხმელმა, რომელიც სავარაუდოდ ლათინოამერიკულ ნეონაცისტურ დაჯგუფებას მიეკუთნებოდა, რამდენჯერმე სცადა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, თუმცა პისტოლეტმა არ გაისროლა.

2011 წლის 3 მარტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მადაგასკარის პრეზიდენტის ანდრი რაძოელინას ავტომობილში, თუმცა აფეთქება იმდენად მსუბუქი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დააფრთხო რაძოელინა, რომელმაც ქვეყნის მეთაურის პოსტის ჩაბარებამდე მუსიკალური კარიერით გაითქვა სახელი.

ბომბი აფეთქდა 2020 წლის 9 მარტს სუდანის პრემიერ-მინისტრის აბდალა ჰამდოკის ავტომობილშიც, რომელსაც მოგვიანებით ცეცხლიც გაუხსნეს უცნობებმა, თუმცა პრემიერმაც და მისმა თანმხლებმა პირებმაც მსუბუქი ტრავმებით დააღწიეს თავი სიკვდილს.

დანაღმული ავტომობილი აფეთქდა ბაღდადშიც, პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 28 ნოემბერს. აფეთქებამ, რომელიც ერაყის პრემიერ-მინისტრზე ნური ალ-მალიქზე თავდასხმად შეფასდა, ორი ადამიანი იმსხვერპლა და რამდენიმე დეპუტატი აზარალა, თავად პრემიერი კი, უვნებელი გადარჩა, რადგან რამდენიმე წუთით დააგვიანა პარლამენტის სხდომაზე მისვლა.

2013 წლის 29 აპრილს კი, სირიის პრემიერ-მინისტრის ვალია ალ-ჰალკის კორტეჟზე განხორციელდა თავდასხმა, როცა დამასკოს ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2015 წლის 26 მაისს რამდენიმე შეიარაღებულმა ტერორისტმა ლიბიის პრემიერ-მინისტრის აბდალა ალ-თანის ავტომობილს გაუხსნა ცეცხლი, ამავე წლის 28 სექტემბერს კი, მალდივის რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულა იამინი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, რომელსაც საუდის არაბეთში ტრადიციული ჰაჯის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულს ნაკლებად თბილი დახვედრა მოუწყვეს თანამემამულეებმა, იემენის პრეზიდენტზე ალი აბდალა სალეჰზე კი, 2011 წლის 3 ივნისს განხორციელდა თავდასხმა, როცა შეიარაღებულმა ბოევიკებმა მეჩეთი დაცხრილეს სანაში. პრეზიდენტმა სახის მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო და ნამსხვრევით დაიჭრა გულში, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე პოლიტიკოსი კი, რომლებიც მასთან ერთად ესწრებოდნენ პარასკევის ტრადიციულ ლოცვას მეჩეთში, მძიმედ დაშავდნენ.

ასაფეთქებლით აღჭურვილი რამდენიმე საფრენი აპარატით განხორციელდა თავდასხმა 2018 წლის 4 აგვისტოს ვენესუელის პრეზიდენტზე ნიკოლას მადუროზე, რომელიც კარაკასში ბოლივიის ეროვნული გვარდიის იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმს ესწრებოდა. ვენესუელის მთავრობამ თავდასხმაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაადანაშაულა, რომლებიც მეზობელი კოლუმბიიდან და ამარიკიდან ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ერთი თვით ადრე – 23 ივნისს კი, ქალაქ ბულავაიოში, White City Stadium-ზე მოხდა აფეთქება, როცა ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგავა წინასაარჩევნო  შეხვედრას მართავდა ამომრჩეველთან. მართალია, პრეზიდენტი დაუყოვნებლივ იქნა ევაკუირებული, მაგრამ 49 ადამიანმა, პოლიციელების ჩათვლით მაინც მიიღო მძიმე და მსუბუქი დაზიანება.

2016 წლის 15 ივნისის ღამეს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისას ამბოხებულმა სამხედროებმა ქალაქ მარმარისის სასტუმროზე მიიტანს იერიში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისვენებდა. მართალია, პრეზიდენტმა რამდენიმე წუთით ადრე დატოვა სასტუმრო, მაგრამ თავდამსხმელთა დაკავებას ორი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ერდოღანის მოკვლა სცადეს უცნობებმა 2021 წლის 4 დეკემბერსაც, როცა ქალაქ სიირთში, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსეს პოლიციის ავტომობილში, რომელიც პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამართალდამცავებმა დროულად შეძლეს ბომბის მოძიება, ერდოღანმა კი, მუქარის მიუხედავად მაინც გამართა დაგეგმილი შეხვედრა სიირთის მოსახლეობასთან.

 

მსხვერპლით დასრულებული თავდასხმები

 

2001 წლის 16 იანვარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს დაიღუპა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი. ლორან-დეზირე კაბილა მისივე დაცვის წევრმა მოკლა მიბჯენით გასროლით საკუთარ კაბინეტში. 2021 წლის 7 ივლისს კი, ჰაიტის პრეზიდენტი ჟონეველ მოიზი ემსხვერპლა ჯგუფურ თავდასხმას, რომელიც მის რეზიდენციაზე განხორციელდა.

2001 წლის პირველ ივნისს ნეპალის მეფე ბირენდრა ბირ შაჰი გამოასალმა სიცოცხლეს საკუთარმა შვილმა, ტახტის მემკვიდრე დიპენდრამ. გავრცელებული ვერსიის თანახმად, პრინცმა, რომელმაც ზედმეტად ბევრი ალკოჰოლი მიიღო ოჯახურ ვახშამზე, MP5-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი მთელ ოჯახს და მამასთან ერთად დედა – დედოფალი აიშვარია, და-ძმა, ბიძა, მამიდა და მისი მეუღლე იმსხვერპლა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

2003 წლის 12 მარტს ბელგრადში, სნაიპერული შაშხანიდან ორჯერ გასროლით დაიჭრა სერბეთის პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი. მართალია, პრემიერი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. თავდამსხმელები – სერბეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ზვედან იოვანოვიჩი და მისი თანამზრახველები ბალკანეთის უმსხვილესი კრიმინალური დაჯგუფებიდან „ზემუნსკის კლანიდან“, სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში დააკავეს. მოსამართლემ, რომელიც მთელი 4 წელი განიხილავდა მკვლელობის საქმეს, 12 ადამიანი ცნო დამნაშავედ ტერაქტის ორგანიზებაში და საერთო ჯამში 378 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

2003 წლის 10 სექტემბერს სტოკჰოლმის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალგაზრდა მამაკაცი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ანა ლინდს დაესხა თავს და დანით მიაყენა რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა. თავდამსხმელი სერბი ემიგრანტი მიხაილო მიხაილოვიჩი აღმოჩნდა, რომელიც სასამართლომ შეურაცხადად მიიჩნია, რადგან ჯიუტად ირწმუნებოდა, რომ პრემიერის მოკვლა „მის თავში დაბუდებულმა ხმებმა უბრძანეს“.

ფატალურად დასრულდა 2007 წლის 27 დეკემბერს რავალპინდიში განხორციელებული ტერაქტიც, რომელსაც პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო ემსხვერპლა. ბჰუტო სიტყვით გამოდიოდა მომხრეების წინაშე, როცა ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ ერთ-ერთმა წევრმა ჯერ ესროლა ყოფილ პრემიერს, მერე კი, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

2022 წლის 8 ივლისს კი, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე შეიწირა მარტოხელა ფანატიკოსმა ტაცუე იამაგამიმ, რომელმაც რამდენიმე გასროლა განახორციელა და სასიკვდილოდ დაჭრა წინასაარჩევნო კამპანიით ქალაქ ნარაში ჩასული ექს-პრემიერი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი