ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც დეპორტაციისგან დაიცავს ქვეყნის მოქალაქეების უსაბუთო მეუღლეებს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია ოჯახების ერთიანობის შესანარჩუნებლად.
აღნიშნული ზომები გავრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც აშშ-ში 10 წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ და აშშ-ს მოქალაქესთან ქორწინებაში ლეგალურად იმყოფებიან.
ინდივიდუალური შემოწმების შემდეგ, რომელსაც საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, ასეთ მიგრანტებს მიეცემათ სამწლიანი პერიოდი მუდმივ ბინადრობაზე განაცხადის შესატანად და ექნებათ აშშ-ში ოჯახებთან დარჩენის და მუშაობის უფლება.
თეთრი სახლის ცნობით, ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და დაახლოებით 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფება.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი ზომების მიხედვით, ის პირები, ვინც აშშ-ში უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და ამერიკელი დამსაქმებლისგან სამსახურებრივი შეთავაზება მიიღეს, სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები