ბოლო წლების პრაქტიკით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია, როგორც წესი, მარტის პირველ ნახევარში ცხადდებოდა, ხოლო აბიტურიენტებს განახლებული ცნობარის გაცნობის შესაძლებლობა ამავე პერიოდში ეძლეოდათ.
თუმცა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით რეგისტრაციის ზუსტი ვადა ჯერ არ გამოცხადებულა. აბიტურიენტებისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია და აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებსა და სასკოლო ჯგუფებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე სიახლეებისა და დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, რეგისტრაციის თარიღი გადაიდო. კონკრეტული რიცხვი ამ ეტაპზე დასახელებული არ არის. ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, ოფიციალურ ვებგვერდზე პერიოდულად გადაამოწმონ განახლებები.
აღსანიშნავია, რომ 2026–2027 სასწავლო წლიდან უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ახალი წესით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, ხოლო მოქმედი საგრანტო მექანიზმი გაუქმდება. შედეგად, ის სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხვას გადაწყვეტენ, სახელმწიფო გრანტით ვეღარ ისარგებლებენ.
ცვლილებებს შორის არის ე.წ. „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის ამოქმედება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, გარკვეული მიმართულებები კონკრეტულ ქალაქში მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება წარმოდგენილი. მაგალითად, სამართლის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიისა და საჯარო მმართველობის პროგრამები თბილისში მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ სპეციალობებზე ჩაბარება სხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაძლებელი აღარ იქნება, თუმცა აბიტურიენტებს ექნებათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა სხვა ქალაქების — მაგალითად, ქუთაისის ან ბათუმის — სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე.
ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება 3+1 მოდელიც, რაც გულისხმობს საბაკალავრო საფეხურის ხანგრძლივობის სამ წლამდე, ხოლო სამაგისტრო პროგრამების ერთ წლამდე შემცირებას.
ასევე ცნობილია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით სამი პროფესიული კოლეჯი ან პროგრამა მიუთითონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ რეგისტრაციის ვადის გადატანა სწორედ დაგეგმილ სისტემურ ცვლილებებს უკავშირდება, თუმცა დამატებითი დეტალები და კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.


