ერთი ოჯახის მძიმე ისტორია – ნანატრი ბავშვების მოლოდინში ემიგრანტმა ცოლ-ქმარმა საქართელოში სუროგაციისთვის შუამავალს 300 000 ლარზე მეტი გადაუხადა. თუმცა ბავშვები არ ჩანან.
9 წლის განმავლობაში ხუთი წარუმატებელი სუროგაცია შედგა და ორსულობა სხვადასხვა მიზეზით შეწყდა, ბოლო შემთხვევაში, შუამავალი ქალი ირწმუნება, რომ ბავშვები დაიბადნენ, თუმცა კლინიკაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.
ემიგრანტი ქალი იმ ბავშვების მოძებნას ითხოვს, რომლებიც შუამავალის მეშვეობით სუროგატ დედებს გააჩენინა. შუამავალი ჯერ იმას აჯერებდა, რომ ქალები ნამდვილად იყვნენ ორსულად, შემდეგ კი ბავშვები გაჩნდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათი დაბადებიდან 10 თვე გავიდა, დედას ბავშვები ამ დრომდე არ უნახავს.
შუამავალი, სუროგატების ორსულობის პერიოდში ამბობდა, რომ ხშირი იყო ჯანმრთელობის პრობლემები, უგზავნიდა ექოსკოპიის ფოტოებს და გულისცემის ხმას.
შემდეგ დედას უთხრა, რომ ბავშვები დაიბადნენ, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემით.
“კურიერი P.S.-მა” გაარკვია, რომ კლინიკაში, რომელსაც შუამავალი ასახელებდა, ბავშვები სახელად ანი და ნინო, საერთოდ არ დაბადებულან.
მანამდე კი იყო შუამავალთან თითქმის 9 წლიანი ურთიერთობა და 5 წარუმატებელი სუროგაცია – ზოგ შემთხვევაში ორსულობა შეწყდა, ერთ შემთხვევაში კი ბავშვი მკვდარი დაიბადა.
ნანატრი ბავშვების დასახვედრად ემზადებოდა მთელი ოჯახი, განსაკუთრებით დეიდა, რომელიც პროცესში აქტიურად იყო ჩართული და პირადად ეკონტაქტებოდა შუამავალს.
არ დაბადებულ ბავშვებში და წარუმატებელ სუროგაციებში ჯამში 300 000 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს.
მას შემდეგ, რაც ბავშვების ნახვის იმედი გადაეწურათ, ოჯახს ეჭვი შეეპარა და პოლიციას მიმართეს.
“კურიერი P.S.-მა” ბრალდებების ადრესატის ძებნა დაიწყო. შუამავალი ქალი, რომელიც ოჯახს ბავშვების სანაცვლოდ დიდ ფულს სთხოვდა, ანჯელა იგივე ანა კვარაცხელიაა. აღმოჩნდა, რომ მას არანაირი კლინიკა არ აქვს და ის ოფისში მასაჟის კურსებს ატარებს, მაგრამ გადამღებ ჯგუფს ადგილზე არ დახვდა. მთავარ ბრალდებებზე პასუხის გაცემა არც ტელეფონზე ისურვა.
კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს უფლებადამცველსაც, თუმცა ადვოკატი და მისი დამკვეთი, ბავშვების დაბადებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდიან.
სავარაუდო თაღლითობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ანჟელა კვარაცხელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები