„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ხოშტარია სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
ელენე ხოშტარიამ ადვოკატზე და დაცვის უფლებაზე თქვა უარი, სასამართლომ კი მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა.
მოსამართლემ პროცესზე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოცხადდა ხოშტარია პროცესზე.
ამასთან, როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, „ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“.
დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია ნათქვამი.
ხოშტარიას განცხადებით, „გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა“.
„ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა, ისევე როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!
P.S. ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“, – ნათქვამია ხოშტარიას წერილში.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.