დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის N3-ში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ფანჩატურების, სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის, ასევე გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დაირგვება 8 300 ძირი ნერგი და დაითესება ბალახი.
….
ჩაფიძის გულის ცენტრმა, ვეტერანებისთვის რიგით 169-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა აქცია 6 ოქტომბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის ჩაატარეს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 52-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 120 ვიზიტი. ნათქვამია ინფორმაციაში.
….
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, 51-ე და 52-ე დადგენილებების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებების გადავადების თავდაპირველად დათქმულ ვადა, კერძოდ 2024 წლის 1 ოქტომბერი, შეიცავდა ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტის შექმნის რისკებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება ვერ მოასწრებდა ახალ სტანდარტებთან ადაპტირებას.
….
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს, კერძოდ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა და საკონსულო რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობა. ისმოდა შეძახილები: “რატომ არ ხსნით საარჩევნო უბნებს?” მათ ადგილზე იმ ქვეყნების ჩამონათვალი მიიტანეს, სადაც დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა სურთ. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, არჩევნებში მონაწილეობა ყველამ უნდა შეძლოს.
….
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცეს. მისი განმარტებით, 24 თვითმფრინავიდან დანარჩენი F-16 -ები უახლოეს თვეებში ჩავა უკრაინაში. ცნობისთვის, რუბენ ბრეკელმანსი გუშინ მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა და კიევი და ხარკოვი მოინახულა.
….
კომპანია “თელასის” განცხადებით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ კრწანისის რაიონში: პუშკინის, ნიშნიანიძის, ბეთლემის, გორგასლის, ტაბახმელას და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონში 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის, გურგენიძის, ზაქრაძის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
….
ევაკუაცია თბილისის სკოლებში – სასწავლო პროცესი დღეს რამდენიმე სკოლაში შეწყდა. ევაკუაციაა ევროპულ სკოლასა და ქართულ – უკრაინულ სასწავლო დაწესებულებაში. ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა ინფორმაცია, მეორე ვერსიით კი შენობებში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც ადმინისტრაციებმა საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. სკოლებთან ამ დროისათვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თავად დირექციები კი ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებენ. ,,სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ,“- აცხადებენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
….
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კობა კობალაძემ ვეტერანებთან შეხვედრები უკვე გამართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. შეხვედრებზე, ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.
….
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს უწყების საქმიანობის სპეციფიკასა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
….
ოკუპირებულ ცხინვალში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ე.წ ძალოვანი უწყებების 2 თანამშრომელი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. სროლა ოკუპირებულ ქალაქში არსებული კაფეს სიახლოვეს მოხდა, ე.წ მილიციისა და ე.წ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს შორის. მათი ასაკი 29-31 წელია. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობას მომხდარზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება დაავალა.
….
უნივერსიტეტის ქუჩაზე გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით გაზმომარაგება 8200 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, იყვნენ ყურადღებით და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. დღეს, 7 ოქტომბერს 22:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძე – უნივერსიტეტის, ჯიქიას, სანდრო ეულის და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსისა და გათიშვის არეალში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 8 ოქტომბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 სთ-მდე.
….
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების რებრენდინგი იწყება. ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა, ლაშა ქარდავამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ძირეული ცვლილებები იგეგმება. ინფორმაციისთვის, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრებმა, მთავრობის თავმჯდომარისგან, დროებით დევნილი საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების შესწავლის და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული დავალებები მიიღეს.
….
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის ახლად რეაბილიტირებულ 215-ე საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა მინისტრთან ერთად დაათვალიერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი კუპრავამ. მათივე ცნობით, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა.
….
ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი ქამრის მფლობელი გახდა. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის, IFA-ს ეგიდით, საბერძნეთში, ქალაქ ლუთრაკში, მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც სპორტსმენები ხუთივე კონტინენტის 34 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, მსოფლიო პირველობაზე საქართველო 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
….
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის დაბა ნიუ-იორკში 3 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის წევრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, დახვრეტის პროცესი მათმა დრონმა დააფიქსირა. დრონიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ კლავენ რუსი სამხედროები სამ უკრაინელ ტყვეს, რომლებსაც იარაღი არ აქვთ და დანებებას ცდილობენ. ცნობილია, რომ დახვრეტაში მონაწილე რუსი სამხედროებიდან ერთ-ერთი მოგვიანებით უკრაინელმა მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს. უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით 2022 წლიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა ბროლის ველზე 93 უკრაინელი ტყვე მოკლეს.
….
ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 23-34 კმ-ზე მდინარის მარჯვენა ნაპირის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაზსადენი, რომელიც დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მდინარე სუფსასთან ახლოს მდებარეობს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია კორპორაციის კუთვნილი ტექნიკა და სამუშაო ძალა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, სრულად აღმოიფხვრება წყლის მიერ ნიადაგის მორეცხვის პრობლემა და გაიზრდება განშტოების უსაფრთხოება. ნაპირსამაგრი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება.
….
სექტემბერში საქართველო ტურიზმიდან 450 მლნ დოლარის შემოსავალს მიიღებს, – ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. „ჩვენი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.4%-ით გაიზარდა და 450 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 11.3%-იანი ზრდაა. 2024 წელს ტურიზმის შესავლები ჩვენი პროგნოზით 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს),“- ნათქვამია დოკუმენტში.
….
„მომდევნო დღეებში ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს“ , – ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამის წინაპირობა, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაა. „ვინც არ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და მაგალითები მოიყვანოს, მსოფლიოს სანავთობო ბაზარი აწესებს ფასებს, ასევე, საერთაშორისო „პლატსი“, ოპეკის ქვეყნები და ჩვენ გვინდა თუ არა, ამას მაინც მსოფლიოს გლობალური ბაზრები განაგებს.
….
2024 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათი ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალების ფასების 1 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.9 პროცენტით. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 19.7 პროცენტით გაიზარდა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
….
14 ოქტომბრიდან ტრაპიზონის მიმართულებით თბილისიდან ავიარეისები განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ ფრენებს კომპანია Georgian Wings განახორციელებს. პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტსა და ტრაპიზონის აეროპორტს შორის კვირაში ორჯერ – ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს განხორციელდება. რაც შეეხება ფასებს, ერთი გზის ბილეთის ღირებულება 447 ლარიდან დაიწყება.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები