„პრაიმჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, კესო ბერუაშვილი თავის არცთუ დალხენილ ბავშვობის წლებზე, დედის დეპრესიის შესახებ ჟურნალ „გზას“ ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– შენს ბავშვობაზეც გვიამბე: როგორ გარემოში გაიზარდე?
– მშობლები დაშორებულები იყვნენ. შემდეგ უკვე დედამ გამზარდა და თან, სხვის ოჯახშიც ვიზრდებოდი – თითქოს ბიძაჩემმა მიშვილა. ბიძასა და მის მეუღლესთან ვიყავი. დედა მუდმივად დეპრესიაში იყო – ფიზიკურად, ვერ გაგვზრდიდა. ბიძაჩემის ოჯახის წყალობით, ცოტათი განვვითარდი: სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ – უნივერსიტეტში… გარდა ამისა, ჩვენს სახლში გაცვლითი პროგრამით, უცხოელები (ფრანგები, გერმანელები, ამერიკელები…) ჩამოდიოდნენ და მათთან კომუნიკაცია მქონდა. ისინი ინგლისურსაც მასწავლიდნენ. შესაბამისად, როცა გავიზარდე და მათ ვაკვირდებოდი, 18-19 წლის სტუდენტები როგორ მოგზაურობდნენ და არაფრის ეშინოდათ, მინდოდა, მათნაირად მეცხოვრა. თითქოს ბავშვობიდან სხვანაირი, უცნაური ფიქრები მქონდა, რადგან ჩემს სახლში იყო ევროპა და აზია (იცინის)… 18 წლისამ სახლი დავტოვე, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი და მუშაობა დავიწყე. ჩემი პირველი სამსახური ფილმში – Kეეპ შმილინგ მონაწილება იყო. იქ ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი. ეკრანთან პირველი შეხება ძალიან მომეწონა… რეალურად, მივიღე, რაც მინდოდა, რა ოცნებებიც მქონდა… ახლა რაც მინდა, ის არის, რომ ან ევროპაში გადავიდე საცხოვრებლად, ან – რაღაც გრანდიოზული შევქმნა…
– მშობლებთან კონტაქტი გქონდა?
– მიუხედავად იმისა, რომ სხვის ოჯახში ვიზრდებოდი და სხვას ჰქონდა ჩემზე უფლებები, მშობლებთან მაინც ვურთიერთობდი, მაგრამ მათთან რომ მეცხოვრა, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა…
– დედამ დეპრესიის დაძლევა მოახერხა?
– რეალურად, ვერ მოახერხა, რადგან მამაჩემი ისევ უყვარდა, თუმცა მამამ სხვა ქალი მოიყვანა ცოლად. მერე, მალევე აღმოჩნდა, რომ დედას კიბო ჰქონდა… მის გარდაცვალებამდე, მამა გარდაიცვალა, რაც დედაჩემისთვის ორმაგი დარტყმა იყო. თითქოს ნერვიულობამ, დარდმა და დეპრესიამ, რასაც კიბოც დაემატა, შეიწირა… სიცოცხლისთვის არც იბრძოდა, თავიდანვე დანებდა… რა თქმა უნდა, მის გვერდით ვიყავით… ასეთი სევდიანი ამბავი ჰქონდა დედაჩემს, სამწუხაროდ…
– როგორ ფიქრობ, მშობლების ამბავმა ტრავმა დაგიტოვა, რამაც შესაძლოა, ზრდასრულობისას იჩინა თავი?
– როცა პატარა ხარ, ვერ ხვდები, შენ გარშემო რა ხდება – საერთოდ ვერ აღიქვამ, რადგან არ იცი, რა არის სიყვარული, რა არის სევდა… ვერც მე ვხვდებოდი, თუმცა მერე, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ მამის სიყვარული მაკლდა. სულ ვამბობ, – მამის კომპლექსი მაქვს-მეთქი, რადგან ფაქტია, რომ მამა არ მყოლია. ბიძაჩემი უფრო ჩემი მეგობარი იყო, ვიდრე მამა, რადგან საერთოდ სხვა დიალოგები გვქონდა და ისე ვესაუბრებოდი, როგორც ძმას. ბავშვებთან ურთიერთობისას ყველას ხომ თავისი ტაქტიკა აქვს, არა? ბიძა ყოველთვის მასწავლიდა, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა ვყოფილიყავი. მისგან მამის სითბო არ მიგრძნია, უფრო – მეგობრის. თითქოს დამოუკიდებელ ქალად მზრდიდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ 18 წლის რომ გავხდებოდი, მარტო უნდა მეცხოვრა, სამსახური მქონოდა… ეს “გაწერილივით” იყო, რაც მერე დამეხმარა – დამოუკიდებელი ბუნება ჩამომიყალიბდა. “დედიკოს გოგო” და “მამიკოს გოგო” არასოდეს ვყოფილვარ. მამის სითბოს დანაკლისს რაც შეეხება, მერე, პირად თუნდაც, შეყვარებულთან ურთიერთობებში ვხვდებოდი, რომ ბევრი კომპლექსი მქონდა, რადგან ჩემზე უმცროსი ასაკის ბიჭები არასოდეს მომწონდა – ყოველთვის ჩემზე უფროს და ძალიან გამოცდილ მამაკაცთან ურთიერთობა მინდოდა, რომ დაცულობის შეგრძნება უფრო მეტად მქონოდა (იღიმის).
მასალის გამოყენების პირობები