განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მისი ცხოვრების განვლილ წლებზე წერს.
გია მურღულიას სტატუსს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: „10 წლის რომ გავხდი, მივხვდი, რომ კარგი წიგნი გამოცდილებაც არის და გზაც, რომელსაც ჯერ ფიქრში გადიხარ და შემდეგ – მის გარეთ. 20 წლის ასაკში გავიგე, რატომ ჰქვია სახარებაში ღმერთს სიყვარული და რას ნიშნავს ცხოვრების ჰარმონია. 30 წლის ვიყავი, როდესაც საბოლოოდ შევიგრძენი, რა არის მასწავლებლობა და რით უკავშირდება ის სამყაროს, სამშობლოს, სოციალური სინერგიის სურვილს, გონივრულ მიზანსა და პასუხისმგებლობას.
40 წლისამ შევიმეცნე, რომ კაცობრიობა შეიძლება ბედნიერი იყოს და თუ მოინდომებ, ადვილად მოარიგებ შენსა და სხვების სურვილებს. ამის აღუსრულებლობამ დაბადა სევდა, რომელიც ჩემს ფიქრთან ერთად “გონიერი გულის” (სოლომონ ბრძენის სიტყვებია) მქონე კაცთა ნაწერებში შემიგრძნია. 50 წლის რომ გავხდი, დავინახე თვითირონიის სიღრმე და ისიც, რომ ეს ასაკი ახალგაზრდობის სიბერე კი არა, სიბერის ახალგაზრდობაა, რომელიც ჭაბუკის სილაღითა და ხანდაზმული ადამიანის სიფხიზლით შეგაცნობინებს, რატომ შეიძლება გიყვარდეს მტერი.
60 წელი რომ შემისრულდა, სუბიექტური კაცის ობიექტურობით ვთქვი, რომ არაფერი წამიკითხავს ბიბლიაზე, ლაო ძის „დაო დეძინსა“ და ვეფხისტყაოსანზე უკეთესი. ამავე დროისთვის, 50 წლის ძიების შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეკლესიასტეს წიგნი შეიძლება ცდებოდეს და ადამიანის ცხოვრებას საზრისი აქვს. ახლა 70 წლის ვარ და ზუსტად ვიცი, რომ, რაც ჩამოვთვალე, შესაძლოა ფუჭი და ამაო აღმოჩნდეს, თუ არ შეგიძლია იმის შესაბამისად იცხოვრო, რაც გისწავლია, განგიცდია და სიმართლედ მიგიჩნევია.
ასე კი ვერ იცხოვრებ (ყოველდღე ვიხსენებ პავლე მოციქულის ნათქვამს), თუ არ გიყვარს ღმერთი, სამყარო და ადამიანი“, – წერს გია მურღულია.