ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„აღნიშნული მოქმედებები მიზნად ისახავს ამ არეალში ირანული კონტროლის მექანიზმების შესუსტებას და, შესაბამისად,...

„აღნიშნული მოქმედებები მიზნად ისახავს ამ არეალში ირანული კონტროლის მექანიზმების შესუსტებას და, შესაბამისად, ერაყის ტერიტორიაზე ბაზირებული შეიარაღებული ქურთული ოპოზიციური დაჯგუფებებისთვის ირანში დაბრუნების სტრატეგიული პლაცდარმის შექმნას“-ირაკლი ყიფიანი

ირაკლი ყიფიანი პოსტს აქვეყნებს:

„ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაიწყეს მიზანმიმართული იერიშების მიტანა ირანის პოზიციებზე — უშუალოდ ირან–ერაყის სასაზღვრო ზოლის გასწვრივ. გეოპოლიტიკური ლოგიკა მკარნახობს, რომ აღნიშნული მოქმედებები მიზნად ისახავს ამ არეალში ირანული კონტროლის მექანიზმების შესუსტებას და, შესაბამისად, ერაყის ტერიტორიაზე ბაზირებული შეიარაღებული ქურთული ოპოზიციური დაჯგუფებებისთვის ირანში დაბრუნების სტრატეგიული პლაცდარმის შექმნას.
მოვლენათა ანალიზი კიდევ უფრო შორს მიმავალ დასკვნებამდე მიბიძგებს: სწორედ ამ პერიმეტრზე, შვეულმფრენების მეშვეობით, უკვე განხორციელდა ამერიკული სადესანტო შენაერთების მოზრდილი ჯგუფის გადასროლა, რომელიც უაღრესად მაღალი ალბათობით უშუალო მონაწილეობას მიიღებს ირანის ტერიტორიაზე დაგეგმილ სახმელეთო ინტერვენციაში. ეს გახლავთ სახმელეთო ოპერაციისთვის მოსალოდნელი და კანონზომიერი წინასაფეხური, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუკი მსგავსი დარტყმები ხუზესტანის პროვინციის საზღვრის სიახლოვეს ხორციელდება. ქურთულ ფორმირებებს, როგორც პირველ ეშელონს, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებთან მჭიდრო კოორდინაციით, შეუძლიათ დაიკავონ სასაზღვრო ტერიტორიები, სადაც უკვე შესაძლებელი გახდება ადგილობრივი მოსახლეობის ბაზაზე მინდობილი (პროქსი) ძალების ფორმირება და გაშლა. სხვათა შორის, ეს სწორედ ის სცენარია, რომლის შესახებაც ჩემს წინა პუბლიკაციებში არაერთგზის მიმითითებია.
თვალსაჩინოა, რომ ამერიკული მხარე უპრეცედენტოდ აჩქარებს სტრატეგიულ ტემპს. ის არ დაელოდა საჰაერო კამპანიის ფაზის სრულად ამოწურვას და დაუყოვნებლივ გადავიდა სახმელეთო ოპერაციის ორგანიზების მცდელობაზე. ფაქტობრივად, მიმდინარეობს „არაბული გაზაფხულის“ პერიოდში გამოცდილი ე.წ. „აჯანყებულთა არმიების“ შექმნის ტაქტიკის განახლებული ვერსიის გამოცდა; იმ არსებითი სხვაობით, რომ ამჯერად პროცესი სტრატეგიული ოპერაციის ფარგლებში, საკუთარ სამხედრო-საჰაერო და სპეციალური ოპერაციების ძალებთან პირდაპირ და ღია ურთიერთქმედებაში ხორციელდება. შინაარსობრივად, ეს წარმოადგენს ე.წ. „ბიოდრონებისგან“ცოცხალი ძალისგან, როგორც ინსტრუმენტული მასალისგან — დაკომპლექტებული სახმელეთო ძალების კონსტრუირების მოდელს, რაც ომის წარმოების საშუალებას იძლევა ამერიკული პერსონალის მინიმალური ჩართულობითა და დანაკარგებით.
ეს გახლავთ უაღრესად კრიტიკული და ფუნდამენტური ნიუანსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის — თავისი კოლოსალური დემოგრაფიული პოტენციალით — სტრატეგიული ზეწოლის/დაშლის მექანიზმების გასამართად. თუკი აღნიშნული მოდელი ირანის შემთხვევაში წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება პირდაპირი და მკაფიო სიგნალი პეკინისთვის, რომ მას შესაძლოა ანალოგიური ფრაგმენტაციის მეთოდით დაუპირისპირდნენ — ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ ჩამოშლის ლოგიკით. ამ პროცესში აქტიურად შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც AUKUS-ის პარტნიორების სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი, ისე უშუალოდ ჩინეთის შიგნით არსებული სეპარატისტული ჯგუფები, რომელთა კონცენტრაცია ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შევეცდები შევაჯამო ე.წ. „პურიმის ომის“ პირველადი შედეგები და გამოვკვეთო მოვლენათა შემდგომი განვითარების ტრაექტორია.
გაცილებით მასშტაბური და ამბიციური გეოპოლიტიკური ამოცანების გათვალისწინებით, შეერთებულმა შტატებმა აქტიურად დაიწყო მზადება სახმელეთო ოპერაციისთვის. ხელმისაწვდომი საინფორმაციო-ანალიტიკური მონაცემების საფუძველზე, მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება სპეციალური ოპერაციების ძალების ქმედებებზე — როგორც უშუალოდ აშშ-ის შეიარაღებული ძალების, ისე მისი უახლოესი მოკავშირეების, მათ შორის უკრაინის, ჩართულობით. დონალდ ტრამპისა და პიტ ჰეგსეტის მიერ 2 მარტს გაკეთებული განცხადებები სწორედ ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მსგავსი რიტორიკა თეირანზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და საინფორმაციო ომის კლასიკურ ელემენტსაც წარმოადგენდეს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების — ATACMS-ისა და PrSM-ის — გამოყენება დაიწყეს. გასული წლის კონფლიქტისგან განსხვავებით, ეს ტაქტიკურ სიახლეს წარმოადგენს და საავიაციო კომპონენტის მნიშვნელოვან განტვირთვას ემსახურება.
პარალელურად, აშკარაა, რომ წინასწარვე იქნა მიღებული პრევენციული ზომები ირანის საპასუხო დარტყმებისგან მოსალოდნელი ზიანის მაქსიმალური ნიველირების მიზნით. თვეების განმავლობაში ამერიკული მხარე მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ამცირებდა საკუთარ სამხედრო ყოფნას ახლო აღმოსავლეთის ბაზებზე. განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული იყო სირიისა და ერაყის დატოვებისკენ, ვინაიდან იქ განლაგებული მცირერიცხოვანი ამერიკული კონტინგენტები ირანული პროქსი დაჯგუფებებისა თუ სარაკეტო იერიშებისთვის ადვილად მოწყვლად სამიზნეებს წარმოადგენდნენ. ამასთან, ისრაელში შემუშავდა სამოქალაქო ავიაციის გამოყენებით მოკავშირე სახელმწიფოებში ფარული, პრაქტიკულად მყისიერი ევაკუაციის უპრეცედენტო გეგმა. ჩემი შეფასებით, საუბარია მაროკოზე, ევროპის სახელმწიფოებზე (კერძოდ, ბერლინში დაფიქსირდა სამთავრობო ბორტი და შეერთებულ შტატებზეც კი.
რაც შეეხება თეირანს, იქ ე.წ. ზავთან დაკავშირებით განსაკუთრებული ილუზიები არასდროს ჰქონია. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ ირანის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა მოლაპარაკებების პროცესით დროის მაქსიმალურად გაყვანა, რათა საგანგებო რეჟიმში ეცადათ იმ სტრატეგიული სისუსტეების აღმოფხვრა, რომლებიც გასული წლის ომმა მკაფიოდ გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზე — უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის კომპონენტში — ჯარების მართვის დეცენტრალიზაციაზე და სამეთაურო სტრუქტურების დუბლირებაზე. ამასთან ერთად, მიმდინარეობდა ინტენსიური კონტრდაზვერვითი მუშაობა მტრის აგენტურული ქსელის გამოსავლენად, რათა შესაძლო დივერსიული და ტერორისტული აქტების შედეგები მინიმუმამდე დაეყვანათ.
მიუხედავად ამ მცდელობებისა, ლეგიტიმურ და მწვავე კითხვებს ბადებს სახელმწიფოს პირველი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ არსებული მიდგომა. როგორც ჩანს, მათ განკარგულებაში არც კი აღმოჩნდა სათანადოდ დაცული მიწისქვეშა ბუნკერები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის საბრძოლო მასალის პირდაპირ დარტყმას გაუძლებდა. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ აიათოლა ხამენეის სიცოცხლის უკანასკნელი წუთების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე სრულად არ გასაჯაროებულა — თუ არ ჩავთვლით დონალდ ტრამპის რეპლიკას და მის მიერ გავრცელებულ ფოტოსურათებს მოკლული ირანელი ლიდერის შესახებ.
საბოლოო ჯამში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები აღარ წარმოადგენს ლოკალურ დაპირისპირებას. ეს არის ახალი გლობალური წესრიგის ფორმირების უმძიმესი ფაზა, სადაც ირანის კრიზისი მხოლოდ კატალიზატორია გაცილებით დიდი, ინდო-წყნარი ოკეანის აუზში დაგეგმილი გეოპოლიტიკური რღვევებისთვის.“
ირაკლი ყიფიანი
  „ჩვენ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები“-პრემიერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი