მსოფლიოში ფრინველის გრიპის ახალი შტამისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 23 მაისს მექსიკის ჯანდაცვის რეგულირების სამსახურმა აცნობა ჯანმოს H5N2-ის ტიპის ფრინველის გრიპით ინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ეს არის H5N2-ის ტიპის ფრინველის გრიპით ადამიანის დაინფიცირების პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
59 წლის მამაკაცის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მას ფრინველებთან კონტაქტი არ ჰქონია. 17 აპრილს მას განუვითარდა ცხელება, ქოშინი, დიარეა, გულისრევა და ზოგადი სისუსტე. 24 აპრილს მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ის გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ის იმავე დღეს გარდაიცვალა.
ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დარეგისტრირებულა. გარდაცვლილის 17 კონტაქტის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
მასალის გამოყენების პირობები