საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე მანდატის ამოწურვამდე, 2027 წლის მაისამდე დარჩება.
„მანდატი, რომელიც თქვენ მომეცით, ხუთწლიანია და მას ბოლომდე გამოვიყენებ“, – განაცხადა მაკრონმა ვიდეომიმართვაში და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ახალ პრემიერ-მინისტრს დაასახელებს.
მაკრონმა არსებული სიტუაცია ოპოზიციონერი დეპუტატების „უპასუხისმგებლობას“ დააბრალა და აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენეებმა და ულტრამემარცხენეებმა „ანტირესპუბლიკური ფრონტი“ შექმნეს.
„მე არასდროს ვიკისრებ პასუხისმგებლობას სხვების უპასუხისმგებლობაზე, განსაკუთრებით იმ დეპუტატების, რომლებმაც შეგნებულად აირჩიეს საფრანგეთის ბიუჯეტისა და მთავრობის დამხობა შობამდე რამდენიმე დღით ადრე“,- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის უახლოეს დღეებში დაასახელებს ახალ პრემიერ-მინისტრს, რომლის პრიორიტეტიც ქვეყნის ბიუჯეტის საკითხი იქნება.
„წლის დასაწყისში ეს მთავრობა შეიმუშავებს ახალ ბიუჯეტს, რაც აუცილებელია ფრანგი ხალხის დასაცავად ინფლაციით გამოწვეული ავტომატური საგადასახადო ზრდისგან. აუცილებელია ეს ბიუჯეტი წლის დასაწყისშივე გვქონდეს, რათა ქვეყანამ შეძლოს, როგორც დაგეგმილია, ინვესტირება ჩვენს არმიაში, სასამართლო სისტემაში, პოლიციაში, ასევე დაეხმაროს გაჭირვებულ ფერმერებს და მხარი დაუჭიროს ახალ კალედონიას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ძალისხმევა გააერთიანეს, რათა უნდობლობა გამოეცხადებინათ ბარნიეს მთავრობისთვის, რომელმაც ქვეყნის დეფიციტის შემცირებისკენ მიმართული ბიუჯეტი წარადგინა. ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მიშელ ბარნიე და მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ იქამდე, ვიდრე ახალი მთავრობა დასახელდება.
მასალის გამოყენების პირობები