დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებოთ შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთას, მცხეთის რაიონის სოფლებს, დუშეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის ზოგიერთ უბანს შეეხება.
****
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ქართულ სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზეს უმასპინძლეს.
****
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი.
მათივე ცნობით, რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული.
****
საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს – ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შეშფოთების საგანია ასევე „ქართული ოცნებისგან“ მომავალი განცხადებებიც.
****
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
“ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა დაახლოებით 360 კილომეტრი იფრინეს და აღმოსავლეთის ზღვაში ჩაეშვნენ“, – აცხადებენ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტში, თუმცა რაკეტების რაოდენობას არ აკონკრეტებენ.
სამხრეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გაშვებას გმობს და პროვოკაციად აფასებს.
****
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართეს.
აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.
****
იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების ყოველწლიურ კონფერენციას ორგანიზაციის თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობენ.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება.
****
ბრიტანელი შეფ მზარეული, ჯეიმი ოლივერი Youtube-ის, Facebook-ისა და Iinstagram-ის გვერდებზე ხაჭაპურის შესახებ ვიდეორგოლებს აქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბრიტანელი შეფ-მზარეული, მთელ მსოფლიოს საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს მედია პლატფორმებით და სოციალური ქსელებით აცნობს.
****
ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია – ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეშფოთებას იწვევს.
****
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 მილიონ გირვანქა სტერლინგის დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ამერიკელ კოლეგა, ენტონი ბლინკენთან კიევში ერთობლივი ვიზიტისას განაცხადა.
ლემის განცხადებით, 242 მილიონი გირვანქა სტერლინგი 2024-2025 წლებში იქნება გამოყოფილი გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სასტაბილიზაციო საჭიროებებისთვის, ასევე რეფორმების მხარდაჭერისთვის, აღდგენასა და რეკონსტრუქციისთვის.
****
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის განცხადებით, ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ელექტროენერგიის ქსელს კომისიის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს და დადებს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება იგი სტანდარტებს.
მისივე თქმით, თუ აღნიშნული ჯგუფი აღმოაჩენს რაიმე ხარვეზს, კომპანიას გარკვეული ვადა ხარვეზის გამოსწორებისთვის მიეცემა და თუ დადგენილ ვადაში, მათ მიერ ხარვეზი არ გამოსწორდება, ისინი სანქციების ბერკეტს გამოიყენებენ.
****
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ იმსჯელა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, არსებობდეს სამართლებრივი რეგულაციები, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნება.
****
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან საქართველო აგრძელებს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას.
****
Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა.
ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რის შემდეგაც, თბილისის მერიის გუნდთან ერთად, ესპანეთის გუნდს შეხვდა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსგავსი ტურნირების მნიშვნელობას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის.
****
ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი კარისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“წინ შეხვედრები და დისკუსიები გველის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი მიზნების მიმართ, მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – წერს კარისი.
****
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
****
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი ჩატარდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მედიაწიგნიერების თემაზე მომუშავე აქტორების ერთ სივრცეში გაერთიანებას.
ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი დაესწრო.
****
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2024 წლის 8 თვის და კომიტეტის 2020-2024 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა, 8 თვის განმავლობაში კომიტეტმა ჩაატარა 27 სხდომა, წამყვანი სტატუსით განიხილა 9, ხოლო სავალდებულო წესით – 1 კანონპროექტი. გადაწყვეტილება მიიღო 3 საკანონმდებლო წინადადებაზე და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 2 საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმებაზე.
****
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. მისია მონიტორინგს გაუწევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. ის ოფიციალურად მთავრობამ მოიწვია.
მისია შეისწავლის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტას და მედია გარემოს.
****
რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში ორმხრივად სასარგებლოა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი და პეკინი „ერთად იცავენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებს“, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, სუვერენიტეტსა და თანასწორობაზე და ამ მიდგომას ასევე მხარს უჭერენ გლობალური სამხრეთის ქვეყნები.
****
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37% შეადგინა.
****
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი, რომელთა მიწის ნაკვეთიც წყალუზრუნველყოფილია „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით.
****
2024 წლის აგვისტოში ოქროს ფასი თვიურად 2.3%-ით გაიზარდა,
კვლევის თანახმად, ოქროს ფასის ახალი რეკორდული ნიშნულები უკვე ჩვეული მოვლენაა ბოლო თვეების განმავლობაში – აგვისტოში ფასმა პირველად გადააჭარბა ერთ უნციაზე 2 500 დოლარის ღირებულებას.
****
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მათივე ცნობით, რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
****
31 აგვისტოს მდგომარეობით, 45.9 მლნ ლარი უკვე გაიცა – დაგროვებითი პენსიით სულ 12 516-მა პირმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 548 ათასი ადამიანია.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები