დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -დღეს, 17 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე ტექნიკური სამუშაოები დღეს, 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. დღის 12:00 საათიდან 18 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მიმდებარე ქუჩებს. ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ქუჩებს, ასევე მუხიანის I, II მიკრორაიონებს და III მიკრორაიონის კორპუსებს.
****
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხზე რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA) ახორციელებს. ჩატარებული სამუშაო პროცესის შედეგად, ჩართულ მხარეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრების საფუძველზე, კონკრეტული ტენდენციები გამოიკვეთა. დოკუმენტის შემუშავების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის ოქტომბერი.
****
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ქსელის რეაბილიტაციის გამო, 5200 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, გაზმომარაგების აღდგენა 14:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათისთვის დასრულდება. 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება: მეტრომშენის დასახლებაში – ყვარლისდა მიმდებარე ქუჩებს.
****
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება.
****
მიანმარში ტაიფუნი „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, 80-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ოფიციალური მონაცემებით, შტორმმა გასულ კვირას მოიცვა ჩრდილოეთ ვიეტნამი, ლაოსი, ტაილანდი და მიანმარი, რის შედეგადაც რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიანმარში შტორმმა ძლიერი წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე 226 ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ასობით ათასი ჰექტარი მოსავალი.
****
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, საგურამო -ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 106,0-108,0 კილომეტრებს შორის სარემონტო სამუშაოებს განხორციელების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება ჩოჩონას გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეუწყდებათ. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ბუნებრივი გაზის მიწოდება აღნიშნულ დროებში შეუწყდებათ ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს – ჩოჩონა, წაღვრი, ყობი, ბროლოსანი, ტყორცა, წეღვერსა და კლდისწყაროს.
****
კულტურის მინისტრი თბილისის ქალთა გუნდის რეპეტიციას დაესწრო. თეა წულუკიანმა მათი შესრულება მოისმინა, რის მერეც უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. თბილისის ქალთა გუნდს მრავალი წელია სარეპეტიციო სივრცე არ ჰქონდა. 2021 წელს მათ სივრცე კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში დაუთმეს.
****
საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება განიხილეს და მხარი დაუჭირეს. საკითხზე მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განმარტებით, ხელშეკრულება მიღებულია 2013 წელს და დღემდე მას 90-ზე მეტი სახელმწიფო შეუერთდა.
****
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააცილა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.
****
ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური წყაროების ინფორმაციით, ბურეიჯის ლტოლვილტთა ბანაკის დაბომბვის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი კი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ქალაქ ღაზის და ქალაქ დეირ ელ-ბალაჰის დაბომბვას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 15 ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღაზაში ხალხი დღეში საშუალოდ მხოლოდ ერთხელ იკვებება, რადგან ისრაელის არმია ბლოკავს საჭირო საკვების 83 პროცენტს ალყაში მოქცეულ ანკლავამდე მისასვლელად.
****
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ უნდა გაგრძელდეს. აღნიშნულის შესახებ სარჯველაძემ ანგარიშის – „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და გაწეული საქმიანობისთვის თანამშრომლებსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მადლობა გადაუხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს.
****
ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი სერვისების მიწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირება საკანონმდებლო რეგულაციების, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნისა და სხვა პროცედურების შესახებ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
****
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, თანმხლებ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, დაგეგმილია კანონის 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედება.
****
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში.
****
ფრანგმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრეტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, იმის გამო მიიღო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა ის ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში შეეყვანა. ტიერი ბრეტონის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ფონ დერ ლაიენმა სთხოვა საფრანგეთს, რომ გაეწვია მისი კანდიდატურა ევროკომისიის ახალი შემადგენლობიდან „პირადი მიზეზების გამო“, სანაცვლოდ შემდგომი წარმომადგენელი უფრო „გავლენიან თანამდებობას“ მიიღებდა. როგორც ტიერი ბრეტონი აცხადებს, შეთავაზებაზე პარიზმა თანხმობა განაცხადა და საფრანგეთი სხვა კანდიდატურას წარადგენს. ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფისს ევროკომისრის განცხადებაზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.
****
პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ. პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. ქართული ოცნება აღნიშნული კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.
****
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამნისტიის მიღების ერთ-ერთი მიზეზი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.
****
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი ასევე გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ განათლების სექტორმა კარი მაქსიმალურად უნდა გაუხსნას ბიზნეს სექტორს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
****
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე – „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპები“. სემეკის ინფორმაციით, კურსის მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და არსებულ სიახლეებს, გაეცნობიან ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრებს, ტიპოლოგიასა და სუბიექტებს, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს, საქმიანობის ავტორიზაციას, ელექტროენერგეტიკის ბაზრებსა და სატარიფო რეგულირების პრინციპებს. ასევე, გაეცნობიან რა არის ენერგეტიკული ბიზნესი. კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 20 სექტემბერია.
****
გერმანიის კონსერვატიულმა პარტიებმა ფედერალურ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატად ფრიდრიხ მერცი დაასახელეს. გამოცემის ცნობით, მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და მისი ბავარიელი პარტნიორის, „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კანდიდატის მთავარი ოპონენტი, სავარაუდოდ, „სოციალ-დემოკრატების“ კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება.
****
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, “სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტებიდა ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა – 141,85 გრამი) გამოავლინეს. მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 116 599,26 ლარი შეადგინა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
****
2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, რისთვისაც ბაკურიანში ბიატლონის ინფრასტრუქტურა შენდება, ხოლო თბილისში – ყინულის სასახლე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანსა და თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, აბსოლუტურად ყველა სტანდარტი და მოთხოვნა პროექტირებისა და სამუშაოების წარმოებისას სრულად დაცულია. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.
****
2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963 ლარი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი, მშენებლობა – 2 946.1 ლარი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი.
****
იანვარ-აგვისტოში სამხრეთკავკასიური, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მთლიანი გაზის ტრანსპორტირებამ აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით გადაქაჩული მოცულობის 56,2% შეადგინა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ამ მილსადენით 14, 875.8 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც 2023 წლის რვა თვის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია. მთლიანობაში, იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით გაზის ტრანსპორტირებამ 26, 476.3 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც გასული წლის 8 თვის მაჩვენებელს 2,3%-ით ჩამორჩება.
****
მოლდოვური ღვინის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 13 წლის განმავლობაში 10 პოზიციით დაწინაურდა. კერძოდ, თუ 2000 წელს მოლდოვადან ღვინის ექსპორტში საქართველოს მე-13 ადგილი ეკავა, 2023 წელს საქართველო უკვე მოლდოვური ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყნების წამყვან სამეულშია და მე-3 ადგილს იკავებს. 2000 წელს მოლდოვური ღვინის მთავარ საექსპორტო მიმართულებებში საქართველოს ისეთი ქვეყნები უსწრებდნენ, როგორიც არის რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბუგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, აშშ, თურქმენეთი და გერმანია. 2023 წლის რეიტინგში საქართველო უკვე ყველა ამ ქვეყნის სათავეშია, გარდა ბელარუსისა, რომელიც 2000 წლის ანალოგიურად, ისევ მე-2 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ სიის ლიდერი რუმინეთია, რომელიც 13 წლის წინ საქართველოს ერთი პოზიციით ჩამორჩებოდა და მე-14 ადგილს იკავებდა. ამდენად, მოლდოვამ ბოლო 13 წელიწადში ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად საქართველოსთან ერთად რუმინეთში გაზარდა.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები