როგორ შეიძლება ერთმა პაციენტმა შეცვალოს ჯანდაცვა? როგორ შეიძლება გამოცდილება რეალურ სისტემურ გაუმჯობესებად გადაიქცეს?
კლინიკა “ჰერა 2011” ამის ნათელი მაგალითია.
პაციენტთა საბჭო ინოვაციური და წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესებში ჩართულნი – ინიციატივა მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს ეკუთვნის. პაციენტთა საბჭოები შექმნილია საქართველოს იმ 9-ვე კლინიკაში, რომლებმაც საერთაშორისო აკრედიტაცია Accreditation Canada-ს სტანდარტების მიხედვით გაიარეს.
ამ ინტერვიუში “ჰერას” პაციენტთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ნინუცა სანიკიძე, გვიყვება საკუთარ მოტივაციაზე, საბჭოს საქმიანობაზე და იმ ცვლილებებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა პაციენტთა ხმაზე დაყრდნობით…

–ნინუცა, რა გახდა მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ ჩართვა “ჰერას” პაციენტთა საბჭოში?
– ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია საკუთარი და სხვების გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. საბჭოში ჩართვა ჩემთვის იყო შესაძლებლობა, ვყოფილიყავი მონაწილე იმ პროცესების, რომლებიც პაციენტის უკეთეს მოვლაზე ზრუნავს. მინდოდა ჩემი ხმა გაჟღერებლიყო იქ სადაც, ეს რეალურ ცვლილებებს გამოიწვევდა.
– რამდენი ხანია, რაც საბჭოს წევრი ხართ და როგორ შეიცვალა კლინიკა ამ დროის განმავლობაში?
– საბჭოს წევრი ვარ მისი შექმნის დღიდან. წინა წლის ივნისში შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ნამდვილად ბევრი პოზიტიური ცვლილება ვიხილე. კლინიკაში პაციენტების მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გააქტიურდა, გაიზარდა ყურადღება პაციენტების კომფორტზე, ინფორმირებულობაზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ასევე თვალსაჩინოა, რომ ჩვენი გამოხმაურებები რეალურად აისახება პრაქტიკულ ცვლილებებში, რაც მთელი ამ პროცესის ეფექტიანობას ზრდის. იგრძნობა, რომ კლინიკა ჰერა ნდობას იჩენს პაციენტების ხედვის მიმართ და აქტიურად იყენებს ამ რესურსს სისტემის გაუმჯობესებისთვის.
– როგორი იყო თქვენი მოლოდინი საბჭოში გაწევრიანებისას და როგორია თქვენი რეალური გამოცდილება?
– თავდაპირველად მოლოდინი მქონდა რომ მხოლოდ აზრის გამოთქმის საშუალება მექნებოდა, მაგრამ რეალობამ სასიამოვნოდ გამაოცა. საბჭოს თითოეული წევრის გამოცდილება და მოსაზრებები ნამდვილად აღიქმება სერიოზულად. ჩვენი ჩართულობით დაინერგა ბევრი სიახლე, როგორიცაა – საინფორმაციო ბუკლეტები, ფეისბუქ აქტივობები, პაციენტისთვის საჭირო ინფორმაციის ვიდეოებად განთავსება, საბავშვო სივრცე… ვხედავ, რომ საბჭო არ არის ფორმალობა, არამედ ცოცხალი და მოქმედი სივრცეა…
– როგორია თანამშრომლობა კლინიკის ხელმძღვანელობასთან და პერსონალთან? გრძნობთ, რომ თქვენი ხმა ისმის?
– თანამშრომლობა საკმაოდ გახსნილი, მეგობრული და კონსტრუქციულია. თავიდან ცოტა მორცხვად ვგრძნობდი თავს, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ პერსონალიც და ხელმძღვანელობაც გულწრფელად ინტერესდებიან ჩვენი შეხედულებებით. ნამდვილად მაქვს განცდა, რომ ჩემი ხმა ისმის და ანგარიშშიც იღებენ.
– როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს პაციენტის ხმას ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის?
– პაციენტის ხმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მხოლოდ შიგნიდან ხედვით, ვგულისხმობ ექიმების ან ადმინისტრაციის თვალით, სრულ სურათს ვერ მიიღებ. პაციენტი გრძნობს დეტალებს, რაც სხვას შეიძლება გამორჩეს. როცა ამ გამოცდილებას მოუსმენ, შეძლებ ზუსტად იცოდე, სად არის გაუმჯობესების საჭიროება.
– “ჰერას” შემთხვევაში, რით გამოირჩევა პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა სხვა დაწესებულებებისგან?
– კლინიკა ჰერას შემთხვევაში, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა სხვა დაწესებულებებისგან პირველ რიგში გამოირჩევა სწორედ პაციენტთა საბჭოს შექმნით. რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტები მათთვის არა მხოლოდ სერვისის მიმღებია, არამედ პარტნიორია. ასევე აქ მეტ ყურადღებას აქცევენ დეტალებს, კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ საჭიროებებს და პაციენტების ინფორმირებულობას.
– რას ნიშნავს თქვენთვის ხარისხიანი ჯანდაცვა?
– ხარისხიანი ჯანდაცვა ჩემთვის ნიშნავს თანასწორ, სანდო, ხელმისაწვდომ და ემპათიურ მომსახურებას. როდესაც არ ხარ მხოლოდ “შემთხვევა” ან “ბარათი”, არამედ ადამიანი, რომლისაც ესმით და პატივს სცემენ.
– როგორ გრძნობთ თავს, როდესაც იცით, რომ თქვენი მონაწილეობა რეალურ ცვლილებებს იწვევს?
– ეს თავისთავად ძალიან სასიამოვნოა. გაანალიზება, რომ შენი გამოცდილება შესაძლოა ვიღაცისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტულ მკურნალობას ნიშნავდეს, დიდ სტიმულს გაძლევს. ეს საპასუხისმგებლოცაა და დიდი მოტივაციაც.
– რას ეტყოდით სხვა პაციენტებს – რატომ უნდა ჩაერთონ მსგავს პროცესებში?
– ვეტყოდი, რომ თითოეული პაციენტის ხმა მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი განსხვავებულ შეხედულებებსა და გამოცდილებებს ვატარებთ. რაც ერთისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მეორესთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს მსგავს პროცესებში. რაც უფრო მრავალფეროვანი აზრები და გამოცდილებები გაჟღერდება, მით უფრო სამართლიან და კომპლექსურ სურათს მივიღებთ.