ნერვული სისტემის დაავადებები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით მილიარდ ადამიანს ნერვული სისტემის დისფუნქცია აღენიშნება. აქედან 50 მილიონზე მეტი დაავადებულია ეპილეფსიით, 24 მილიონი კი – ალცჰეიმერით და სხვა დემენციით.
ნევროლოგიურ დარღვევებს მიეკუთვნება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
თავის მხრივ, ნევროლოგიური დარღვევები შემდეგ ნოზოლოგიებს მოიცავს: ეპილეფსია, ალცჰეიმერის დაავადება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, შაკიკი, ინსულტი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ნეიროინფექციები, თავის ტვინის სიმსივნეები, ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტში არსებული მონაცემების მიხედვით 2013
წელს, საქართველოში ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოზით რეგისტრირებულ იქნა 139602 ავადმყოფი (პრევალენტობის მაჩვანებელი 100000 მოსახლეზე – 3111.1). მათ შორის 18434 – 13.2% (პრევალენტობის მაჩვენებელი 2405.9) 0–15 წლის ბავშვი. 2013 წელს წინა წელთან შედარებით პრევალენტობის მაჩვენებელი შემცირდა, რაც სავარაუდოდ, ანგარიშგების ხარვეზია, ან პაციენტთა სიცოცხლის და ახალი შემთხვევების შემცირებას უკავშირდება. 2005–2013 წლების დინამიკით პრევალენტობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2006 წელს, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2005 წელს დაფიქსირდა, რაც 2006 წელს „ავადმყოფთა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე–10 გადახედვაზე“ გადასვლას უკავშირდება. მე–10 გადახედვის მიხედვით, ნერვული სისტემის დაავადებებს გამოეყო გრძნობათა ორგანოების ნოზოლოგიები, რომლებიც დაავადებათა მთლიანი წილის 35%-ს შეადგენდა (სურათი 1).
ნერვული სისტემის დაავადებათა გავრცელების თავისებურებები (1)