შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. იგი მუდამ თავს იწონებს ზღვისა და ტყის არაჩვეულებრივი სინთეზით, სუბტროპიკული ჰავით და მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით.
კურორტი შეკვეთილი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2 მეტრზე.
ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო და მწვანე ფიჭვნარი…
შეკვეთილში არის გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena”, „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.
კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. შეკვეთილის მაგნიტური ქვიშა არაერთი დაავადების საპრევენციო საშუალებას წარმოადგენს.
შეკვეთილი სხვა ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავდება ფიჭვნარის კორომით. ფიჭვნარში ჰაერი ძალიან სტერილური, სურნელოვანი და სუფთაა, მდიდარია ოზონით. ოზონის მიღებისას კი ადამიანი სიძლიერესა და მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს. ფიჭვნარები დიდი ოდენობით გამოყოფენ ფიტონციდებს, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიებს. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის დაავადება აწუხებს.
მასალის გამოყენების პირობები