პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
მთავარიბლოგირა უნდა ვიცოდეთ მცირეწლოვნის ინფორმირებული თანხმობის შესახებ – თქვენს უფლებებს "სამედიცინო დავების...

რა უნდა ვიცოდეთ მცირეწლოვნის ინფორმირებული თანხმობის შესახებ – თქვენს უფლებებს “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი; ადვოკატი, სამართლის დოქტორი; პროფესორი; “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

ნინო ლიპარტია განმარტავს –
რა უნდა ვიცოდეთ მცირეწლოვნის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პირთა ინფორმირებული თანხმობის შესახებ:

რა უნდა ვიცოდეთ მცირეწლოვნის ინფორმირებული თანხმობის შესახებ – თქვენს უფლებებს "სამედიცინო დავების ცენტრის" დამფუძნებელი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ | შენი ექიმი

“ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ ევროპული კონვენცია (შემდგომში – კონვენცია) ითვალისწინებს იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმს, რომელთაც ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკუთარი უფლების დაცვა არ შეუძლიათ. პირს, რომელსაც არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი, ჩარევა შეიძლება ჩაუტარდეს, თუ ეს მას პირდაპირ სარგებლობას მოუტანს.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამგვარ პაციენტთა თანხმობის მიღება განსხვავებულად წესრიგდება. ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტის თანხმობის შესაძლებლობა უნდა დადასტურდეს ინდივიდუალურად, თითოეული ჩარევისთვის  დამოუკიდებლად.  კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შიდა კანონმდებლობით განსაზღვროს თანხმობის გამცემ პირთა წრე პაციენტის საუკეთესო ინტერესებისა და ავტონომიურობის უფლების დაცვის გათვალისწინებით.

აღნიშნულის მიუხედავად, პაციენტის ავტონომიურობის უფლების შენარჩუნებისათვის კონვენციაში გათვალისწინებულია, რომ პირმა შეძლებისდაგვარად უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამისათვის აუცილებელია, პაციენტს მიეწოდოს ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ და მოსმენილ იქნეს მისი აზრი. თუ პირს სამედიცინო ჩვენების გამო არ შეუძლია მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება ჩარევის შესახებ, ინფორმირებული თანხმობა სხვა უფლებამოსილი პირისაგან უნდა იქნეს მიღებული.

ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენცია გამოყოფს არასრულწლოვანის, ფსიქიკურად დაავადებულ პირთა და იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთაც არა აქვთ თანხმობის გაცხადების უნარი. თუ მცირეწლოვანს, კანონის შესაბამისად, არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი, ჩარევა შეიძლება ჩატარდეს მისი წარმომადგენლის ან კანონით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანოს, ან პირის, ან დაწესებულების ნებართვით. ასაკის მატებისა და მოწიფულობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას მცირეწლოვნის აზრს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, არასრულწლოვანის ინტერესის დაცვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია არასრულწლოვანისათვის სამედიცინო პერსონალის მიერ სისხლის ნიმუშის აღება და ფოტოების გადაღება მშობლების არყოფნის დროს, მათი თანხმობის გარეშე. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გამოწვეული არ იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რაც უკავშირდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან კრიტიკულ აუცილებლობას. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო, პერსონალის ჩარევა დაესაბუთებინა გადაუდებელი მდგომარეობით, რაც სასამართლოს მხრიდან ეროვნული კანონმდებლობისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად შეფასდა. აღნიშნული საკითხი არაერთხელ განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.  გლასი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Glass v. UK) საქმე ეხებოდა დიამორფინის გამოყენებას მკაცრად ფსიქიკურად და ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის მიმართ, დედის ნების საწინააღმდეგოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოთავაზებულ სამედიცინო მკურნალობაზე დადგენილი მარეგულირებელი ჩარჩო იყო შეუსაბამო იმ სტანდარტებთან, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციით. დედის მკაცრი უარის გამო, დიამორფინის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მიემართათ ადგილობრივი სასამართლოსათვის, რომლის ნებართვის არარსებობა ჩაითვალა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად.

სრულწლოვან პირს თუ არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი ფსიქიკური აშლილობის, დაავადების ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო, ჩარევა შეიძლება განხორციელდეს მისი წარმომადგენლის ან კანონით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანოს ან პირის, ან დაწესებულების ნებართვით. პირმა შეძლებისდაგვარად უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.

ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის მიხედვით, „კანონით განსაზღვრული დამცავი მექანიზმების, ზედამხედველობისა და გასაჩივრების პროცედურების ჩათვლით, მძიმე ხასიათის ფსიქიკური დაავადების მქონე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაუტარდეს ამ დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებული ჩარევა მისი თანხმობის გარეშე, როდესაც ამ ჩარევის გარეშე მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება“.  ერთი მხრივ, კონვენცია ადგენს ზოგადი წესიდან გამონაკლისს თანხმობის მსურველ პირთათვის, თუ შემოთავაზებულ მკურნალობაზე გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის ფსიქიკური აშლილობა; მეორე მხრივ, კონვენცია განსაზღვრავს პაციენტის ინტერესების დაცვისას განსაკუთრებულ შემთხვევებში თანხმობის გარეშე ჩარევის განხორციელებას.

იმისათვის, რომ პაციენტის ნება ჩარევის განხორციელებაზე არ იქნეს გათვალისწინებული, აუცილებელია: ა) ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის არსებობა; ბ) ჩარევის აუცილებლობა; გ) სერიოზული საფრთხის რისკი. თითოეული ჩარევის განხორციელების წინ ექიმი ვალდებულია, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისაგან მიიღოს თანხმობა, თუ ეს შესაძლებელია. ჩარევაზე უარი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტის ან სხვა პირთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შიდა კანონმდებლობით გაითვალისწინონ პაციენტთა დაცვის სტანდარტი. სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას შესაბამისი ზედამხდველობის, კონტროლისა და გასაჩივრების პროცედურა, რათა ჩარევაზე უარის თქმის შემთხვევაში ადეკვატურად იქნეს დაცული პირის ინტერესი.

მცირეწლოვნისა და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისაგან თანხმობის მიღების წესი განსაზღვრულია პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონით. პაციენტთა მხრიდან თანხმობის მიღების შეუძლებლობისას მიიღება პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.

მცირეწლოვანების ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არ მქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება.   თუ ამგვარი  პირის  გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების გამწევს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება კლინიკის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
15 საუკეთესო ადგილი აფრიკაში ვიზიტისთვის

15 საუკეთესო ადგილი აფრიკაში ვიზიტისთვის

10 October, 2024
“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 10 ოქტომბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 10 ოქტომბერი

10 ოქტომბერი 2024
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ოქტომბერი 10, 2024
„სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

„სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

ოქტომბერი 10, 2024
,ღმერთი ადამიანს უგზავნის ადამიანებს, რომ ისინი გადარჩნენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა რესპონდენტს

,ღმერთი ადამიანს უგზავნის ადამიანებს, რომ ისინი გადარჩნენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა რესპონდენტს

10 ოქტომბერი 2024
სიღნაღი სიყვარულის ქალაქი – არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე

სიღნაღი სიყვარულის ქალაქი – არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე

ოქტომბერი 10, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ოქტომბერი 7, 2024
ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ოქტომბერი 3, 2024
მოგზაურობა იმუნურ სისტემას აძლიერებს და დაბერებას ანელებს – კვლევა

მოგზაურობა იმუნურ სისტემას აძლიერებს და დაბერებას ანელებს – კვლევა

10 ოქტომბერი 2024
თბილისში ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის საერთაშორისო მედიატურნირი გაიმართება

თბილისში ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის საერთაშორისო მედიატურნირი გაიმართება

ოქტომბერი 10, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights