აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა მოეწყო. მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მომდევნო წლის პროგრამების პროექტები და სიახლეები, სამედიცინო დაწესებულებების და სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
გეგმის თანახმად, 2025 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 34 პროგრამას განახორციელებს. ცვლილებები იგეგმება როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით, კერძოდ:
მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში
– გენეტიკური დაავადების მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
– 30 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე პირებს, პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, დაუფინანსდებათ სტომატოლოგიური (თერაპიული, ქირურგიული) სამედიცინო მომსახურება.
– შეიცვლება პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების სქემა და მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები.
გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში
– მოიმატებს იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ტარიფი, რომლის ღირებულება არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით.
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში
– გაიზრდება იმ მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 70 000 ლარამდე, რომელიც არ ფინანსდება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით.
– გაიზრდება დაფინანსების წლიური თანხა 70 000 ლარამდე, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის მოსარგებლეებისთვის, რომელთაც ამოეწურებათ შესაბამისი ლიმიტი.
მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში
– იგეგმება მოზრდილი მოსახლეობისათვის მიწოდებული სამედიცინო რეაბილიტაციის სერვისებისა და დაფინანსების მოცულობის გაზრდა.
უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში
– ისარგებლებს ასევე ის წყვილი, რომელთაგან ერთ-ერთი უწყვეტად რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ხოლო მეორე კი ვაუჩერის გაცემის მომენტისათვის მაინც.
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში
– სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება 3000 ლარზე მეტია წლიური შემოსავალით 40 000 ლარი და მეტი, პაციენტებს დაუფინანსდებათ პროგრამით განსაზღვრული ტარიფის 70%. ხოლო, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებს, პროგრამით განსაზღვრული ნებისმიერი მომსახურება დაუფინანსდებათ ტარიფის 100% -ით.
ცვლილებებია დაგეგმილი სახსრების ენდოპროტეზირების და ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამებშიც
– პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაუფინანსდებათ მოთხოვნილი თანხის 70%-ით.
გაიზრდება 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების და ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1500 ლარამდე.
შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამით
– თანხა 2000 ლარის ოდენობით გაიცემა 3 წლამდე ასაკის ბავშვის (ნაცვლად ერთ წლამდე ასაკის ბავშვისა) შშმ სტატუსის მქონე მშობელზე.
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაიზრდება დღიური დაფინანსების ოდენობა.